“გირჩის” დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ არ სჯერა, “ქართული ოცნების” ინტერესში შედიოდეს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამე დაემართოს.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, შესაძლოა, ერთ კვირაში სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ, მიდგომებიც შეიცვალოს და სააკაშვილი სამკურნალოდ ჰოლანდიაშიც კი გაუშვან.
მისივე თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია, ციხის საავადმყოფო იდეალური ადგილი არ არის:
“ერთ კვირაში შეიძლება სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ და მიდგომებიც შეიცვალოს – სააკაშვილი შეიძლება ჰოლანდიაშიც გაუშვან სამკურნალოდ.
თავში ვერ ჩავუძვრები პოლიტიკოსებს, მაგრამ არ მჯერა, რომ “ქართული ოცნების” ინტერესში შედის სააკაშვილს რაღაც დაემართოს ციხეში. თუ დავუშვებთ, რომ მისი მდგომარეობა არ არის კრიტიკული, “ქართული ოცნების” პოზიცია გასაგები ხდება, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა ეს შეიძლება სისუსტედ აღიქვას.
თუ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია, იმისიც მჯერა, რომ ციხის საავადმყოფო არ არის იდეალური ადგილი ამისთვის. მე არ მაქვს ინფორმაციის სანდო წყარო, ეს რომ გავიგო, მაგრამ მე არ მჯერა, რომ “ქართულ ოცნებას” სურს მიხეილ სააკაშვილი მოკვდეს ციხეში.” – თქვა რაქვიაშვილმა.