თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მათ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან თქვა, საზოგადოება მიხვდა, რომ უმთავრესია ქვეყნის სტაბილურობა, რადგან ქვეყანა განვითარდეს.
კალაძემ ასევე, “წითელ ხაზებზე გადასულ” საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკურენტს, პრეზიდენტის თანამდებობა, მხოლოდ არეულობის მოსაწყობად სჭირდებოდა.
“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერდა მხარს. თუმცა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, პირველივე დღეებიდან ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მართლაც რთული იყო, იმიტომ რომ იყო გარკვეული პრობლემები, რაზეც მოსახლეობამ გაგვცა შესაბამისი პასუხი. გზავნილი მიღებულია და კარგად გვესმის ის წუხილი, რაც აქვს მოსახლეობას, თუმცა ჩვენ დღეს, მოსახლეობასთან ერთად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში მთავარია სიმშვიდე, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს. ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთი, რისთვისაც პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდებოდათ, ეს იყო არეულობა. მთელი კამპანიის განმავლობაში საუბარი იყო რევოლუციაზე,” – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ხვალიდან დედაქალაქის მთავრობა ისევ 24 საათიან მუშაობას აგრძელებს.