2024 წელი ერთგვარი არჩევნების წელიწადია: ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდნენ ლეიბორისტები, საფრანგეთს მოუწია რიგგარეშე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების გამართვა, აშშ-ს ელოდება საპრეზიდენტო არჩევნები და, რა თქმა უნდა, საქართველო – 26 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს ერთგვარ რეფერენდუმსაც უწოდებენ.
პარალელურად გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის შედეგი დიდწილად განსაზღვრავს ახალ მსოფლიო წესრიგს და ამის გამოც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპის წამყვან ქვეყნებსა თუ აშშ-ში ვინ მოვა ხელისუფლებაში.
სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვესაუბრებით ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ლექტორს, პოლიტიკურ ანალიტიკოსს ვანო ჩხიკვაძეს.
პირველ რიგში, მინდა შევეხო ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლას. ცხადია ახსენა ევროპული მომავალი და ევროპისკენ სწრაფვა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო პოლიტიკას, თითქოს დასავლეთი და აშშ ვერ არის ჩინეთთან კარგ ურთიერთობაში, იგრძნობა, რომ არც დონალდ ტრამპის დაბრუნების მომხრეა ბევრი. ივანიშვილმა ორივე ახსენა დადებით კონტექსტში. ჩინეთს მადლობა გადაუხადა და რესპუბლიკელების დაბრუნებას მიესალმა. ეს შემთხვევითობა იყო თუ გარკვეულ მესიჯად უნდა აღვიქვათ, ეს ორი ვექტორი, რომელსაც დასავლეთში მაინც და მაინც სიმპათიებით არ უყურებენ?..
მგონი შემთხვევითობა არ ყოფილა, რადგან დაწერილი გამოსვლა იყო. წინასწარ გახლდათ განსაზღვრული რა უნდა ეთქვა. მიზანმიმართულად გავრცელებული იყო, რაც ითქვა. უბრალოდ, ერთია რა ითქვა და მეორე – რა არის რეალობა. არც თუ დიდი ხნის წინ ევროკავშირის ელჩმა გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ამ რეალობის გათვალისწინებით, რისი შეცვლის ნიშნებიც არ ჩანს, შეუძლებელია საქართველო წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ქმედებებში არ გამოიხატა ეს ყველაფერი, არაფერი არ შეიცვლება. საქართველოს მოქალაქეებმა ვიცით ვინ შევა და როგორ შევა ევროკავშირში. გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი, მთავარი სიტყვა ეთქმის ბრიუსელს, ამაში იგულისხმება 27 წევრი ქვეყანა.
არაერთხელ გაჟღერდა, რომ საქართველო 2030 წელს გახდება ევროკავშირის წევრი. არასერიოზულია, როდესაც თარიღებს ასახელებ. ეს არ არის დამოკიდებული შენზე, საბოლოო სიტყვა ბრიუსელზეა. განვმეორდები და ეს მესიჯები, რაც ითქვა და რაც ითქმება აქ, ერთი მხარეა და მეორეა – რას გადაწყვეტენ ამერიკელი ამომრჩევლები და ბიუროკრატები ბრიუსელში.
ვადები ახსენეთ და ივანიშვილმა ისიც ახსენა, რომ იანვრამდე, ან ერთ წელიწადში, დასრულდება ომი, შეიცვლება მიდგომა, მათ შორის ჩვენს მიმართ. უბრალოდ რაიმე პროგნოზია თუ რამეს ეყრდნობა, იმდენად დარწმუნებით თქვა?..
ძნელი სათქმელია რას ეფუძნება ასეთი განცხადება. ისევე როგორც თუ რას ეფუძნება მისი შეფასება, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე.
როდის დამთავრდება ომი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ უპირობოდ უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს არ არის ომი, რომ უკრაინა მხოლოდ უკრაინისთვის ომობს, ეს არის ომი, რომელსაც ომობს მთელი ევროპისთვის.
ამაზეც მინდოდა მეკითხა: რა ომია ეს? – რუსეთი ცდილობს „თავის“ ტერიტორიაზე, ანუ ყოფილ საბჭოთა სივრცეზე, კონტროლის აღდგენას, ეს არის რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი ახლა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე და არა ვთქვათ ავღანეთში ან სადმე სხვაგან, თუ ეს არის არაღიარებული, არაოფიციალური მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ახალ წესრიგს მოიტანს?
მე ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლისთვის ომი, იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად საით გადაიხრება სასწორი და როგორ დასრულდება, ეს განსაზღვრავს მერე რეალურად მსოფლიო წესრიგს. ეს განსაზღვრავს მათ შორის ნატოს ბედს, მათ შორის საქართველოს ბედს და ა.შ. რეალურად განსაზღვრავს ევროპის კონტინეტის მომავალს.
დავუშვათ ომი ისე დასრულდა, როგორც გვინდა. აღმოვჩნდით ევროპის ქოლგის ქვეშ. ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია? ხომ შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთი წამოდგეს და იმის გამო, რომ არანაირ შეთანხმებას თუ დოკუმენტებს არ ითვალისწინებს, ისევ გამოიწიოს ჩვენსკენ?..
ძნელი სათქმელია, ალბათ გარკვეული დროის მერე დავინახავთ რამდენად შეცვლის ეს ყველაფერი რუსეთის ქმედებას. მაგრამ უკრაინის გამარჯვება ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი დამარცხდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მას აღარ ექნება იმპერიული ზრახვები, განცდა, რომ მის ირგვლივ ვინც არის, ეს არის მისი უკანა ეზო. ეს იქნება ნიშანი, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თუ როგორ განვითარდეს.
ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, ინერციით, ევროპის მეტი მხარდაჭერით, მერე შეეძლება საქართველოს დააყენოს საკითხი, რომ რუსეთის ჯარმა დატოვოს ჩვენი ტერიტორიები?
ჰიპოთეზის დონეზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. რუსეთში დაიწყოს განახლებული აზრი და ფიქრი, რომ თავის ქვეყანას მიხედონ და არა გარეთ იყურონ და დაპყრობითი ომები აწარმოონ. თუმცა ახლა ამის განცდა არ გვაქვს, როდესაც ვხედავთ, რაც კრემლში ხდება, მაგრამ თეორიულად და ჰიპოთეზის დონეზე შეიძლება ამაზე მსჯელობა.
არჩევნებზეც მინდა ვისაუბროთ. ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები, სადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზე გავიდა, საფრანგეთი „გადარჩა“, რომ ულტრამემარჯვენეები არ მოვიდნენ, ცალკე ტრამპის წარმატების შანსი დიდია… საით მიდის ევროპა, მსოფლიო, რა არჩევანს აკეთებს?
რეალურად ხშირად არის ხოლმე, როდესაც კრიზისული მომენტი დგება, ევროპული დემოსი გაერთიანდება და რაღაც გადაწყვეტილებას იღებს. მგონი ეს პერიოდია ზუსტად, კრიზისული პერიოდი დგას ევროკავშირის შიგნით, მაგრამ მაინც მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენეების პოპულარობა იზრდება, საბოლოო ჯამში მაინც ვერ მოახდენს და ვერ იქნება ევროკავშირის მომავლის პოლიტიკის განმსაზღვრელი.
ამის დასტურია ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მნიშვნელოვანი იარაღი, რაც აქვს, ეს არის გაფართოება და აპირებს ეს კურსი გააგრძელოს.
მაინც ოპტიმისტურად შევხედავ და ვიფიქრებ, რომ გაფართოების პოლიტიკა თავის გზით წავა.
თუნდაც გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე, სად შეიძლება გავიდეს სანქციების ზღვარი. მაგალითად, 90-იან წლებში შესაძლოა ხისტად ემოქმედათ, ქვეყანა ჩაეკეტად. ახლა ასე მარტივადაც არ არის, ერთი ხელის მოსმით უვიზო რეჟიმი გაგვიუქმონ, არ გვაღიარონ და არ დახედონ რუკას… სად შეიძლება გავიდეს ზღვარი, თუ ევროპამ დაინახა, რომ ქვეყანა არ მიდის მისთვის სასურველი მიმართულებით?
ვფიქრობ, რომ ქვეყნის შიგნით და ასევე გარეთ, ყველა 26 ოქტომბერს ელოდება. ითქვა კიდეც, რომ ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, გააგრძელებს თუ არა საქართველო ევროკავშირისკენ სვლას თუ დარჩება ამ მოცემულობაში. ყველა ამას უყურებს. რა გზას ავირჩევთ, საქართველოს მოქალაქეების ხელშია. სწორად ამის შემდეგ იქნება რეაქცია. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიცით, რომ ეფუძნებოდა ქართველი ხალხის ნებას, ანიჭებდნენ საქართველოს მოსახლეობას. ეს ავანსი მოქალაქეებმა უნდა გაამართლონ, რომ ოქტომბრის არჩევანი ხელს შეუწყობს ევრონტეგრაციის გზით სიარულს.
დავუშვათ მოქმედი ხელისუფლება დარჩა. რაღაც ცვლილებები რომ მოახდინოს, წამოვა ევროპა თანამშრომლობაზე?
ეს სიტყვა „რაღაც“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია იმაზე რამდენად შესრულდება 9 ნაბიჯი. ახლა ვხედავთ, რომ არათუ პროგრესი, რეგრესი გვაქვს. მაგალითად, „რუსული კანონის“ შემოტანა, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მინიმუმ სამ პუნქტს ეწინააღმდეგება. შესაბამისად ასე წინსვლა წარმოუდგენელია. წინსვლა წარმოუდგენელია მაგალითად ჩაატარო კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო სისტემაში, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ აპირებენ. გაფართოების ანგარიშის მიხედვით მაგალითად მოთხოვნაა ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა…
დავუბრუნდები რითაც დავიწყე: ერთია, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება და რას ამბობს ევროკავშირი. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპა ამბობს, რომ 9 ნაბიჯის შესრულების გარეშე ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა წარმოუდგენელია. პლუს „რუსული კანონის“ პირობებში არ არის შანსი, რომ ჩვენ წინ წავიდეთ. არ არსებობს ქვეყანა ევროკავშირის შიგნით ან ვისაც სურდა ევროკავშირის წევრობა, რომელმაც მიიღო „რუსული კანონი“ და ის ევროკავშირში შევიდა. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს. ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტია რას გავაკეთებთ.
ფოტო: “ქართული ოცნების” ფეისბუქ-გვერდი
foreignpolicy