ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისი თქმით, გასაჭირში ქართველი ხალხი ერთიანდება, თუმცა დღეს ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ.
პატრიარქმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის დასაცავად ახალგაზრდობის გაერთიანებას გაუსვა ხაზი.
“დღეს არის დიდი დღესასწაული – ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშოება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,” – ბრძანა პატრიარქმა.
დედაენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. ამ დღეს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.