„რისთვისაც შეგვქმნა განგებამ, ზუსტად ის მასწავლა. მასწავლა, რომ ადამიანი უნდა იყო კეთილგანწყობილი და ჭკვიანი. ამ სიჭკვიანეში კი ვგულისხმობ იმას, რომ შეძლებისდაგვარად ეცადო, უსმინო გულს,“ – ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ მსახიობი მაკა შალიკაშვილი. მსახიობმა ჟურნალთან გულახდილად ისაუბრა.
გთავაზობთ ნაწილს ინტერვიუდან.
– სულ განსხვავებულად, ორიგინალურად ჩაცმული ხარ, შენეული სტილით. ყოველთვის ასეთი განსხვავებული იყავი?
– ყოველთვის ასეთი განსხვავებული ვიყავი, უცნაური ჩაცმის სტილით გამოვირჩეოდი. მე ჩემებური ვარ, ჩემი სტილი მაქვს. რანაირი ადამიანიც ვარ, იმის გამოხატულებაა ჩემი ჩაცმულობა. მიყვარს ქაოტური სტილი და ამის გამო შეიძლება, ვიღაცისთვის უცნაური ვიყო. სხვათა შორის, დღემდე მეუბნება დედა, როცა მასთან ჩასვლას ვაპირებ: გთხოვ, წესიერად ჩაცმული ჩამოდიო (იცინის). მართლა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს წესიერად ჩაცმა. მე რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს და რაც მომწონს, ისე ვიცვამ. და, რაც მთავარია, ჩემი ჩაცმულობა, ჩემს ხასიათს ასახავს. ვერავის მოსაწონად ვერ დავიწყებ სტილის შეცვლას. ჩემი ჩაცმა ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. მე მაკა ვარ და ვერ გავხდები ვერასოდეს მელანია ტრამპის სტილის ქალი, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მომწონს. ასევე, მომწონს ანჯელინა ჯოლის ჩაცმის სტილი და კიდევ ბევრი ქალის, თუნდაც მაკა ასათიანის, რომელიც გემოვნებიანია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ის თავისნაირია. მე კი, ვერ გავხდები მათნაირი, მე უნდა ვიყო მაკა.
– სოციალურ ქსელში გეწერა: მინდოდა, ცხვირი მომეჭრა, გადამეგდო და მასთან ერთად კიდევ ბევრი რამეო. და, ამ ბევრ რამეში რას გულისხმობდი?
– ბევრ რამეში ბევრ რამეს ვგულისხმობდი, თუნდაც, იმას, რომ გადამეგდო ჩემი სიალალე, ჩემი დაბადების ადგილი, ის, ვინც ვიყავი და რაც ვიყავი.
– ცოტა უცნაურია, რადგან ვიცი, შენი დაბადების ადგილით ყოველთვის ამაყობ. ასე არ არის?
– არა, ყოველთვის არ ვამაყობდი ჩემი დაბადების ადგილით. ერთხელ, მოვხვდი სიტუაციაში, სადაც თქვეს: ფუ, გაივსო თბილისი ჩამოსულებით, წაეთრიონ, სადაც დაიბადნენო. უცებ, მეკითხებიან: შენ რომელ სკოლაში სწავლობდიო. ვუპასუხე: პირველ სკოლაში-მეთქი. კი არ მოვიტყუე ან დავმალე ჩემი წარმომავლობა, მართლა იგოეთის პირველ სკოლაში ვსწავლობდი. იქ სხვა სკოლა არ არის და შესაბამისად, იქ ვსწავლობდი. მოკლედ, იმდენი აგინეს ჩამოსულებს, „გამიტყდა“ იმის თქმა, რომ ჩამოსული ვიყავი. მე ეს იმიტომ არ ვთქვი და დავმალე, ისევ მათ გავუფრთხილდი, რომ არ შერცხვენოდათ, თორემ მე სასირცხვილო არაფერი მქონდა. თუმცა, არ მომიტყუებია, მართლა პირველ სკოლაში ვსწავლობდი. გაოცებულები მიყურებდნენ: ვა, რა უცნაურია, როგორ არ გვახსოვხარ, არადა ისეთი გოგო ხარ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეო. მეც ვუპასუხე: მაშინ სხვანაირი ვიყავი-მეთქი (იცინის).
ვრცლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.