LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს “4 ამიგო”, “ჩარლის 4 ანგელოზი” საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში არიან, წერილის ავტორი ივანიშვილია – ქემოკლიძე

51
კახა-ქემოკლიძე

ეს „ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს. ისინი ფოსტალიონის როლში არიან და ჩვენი აზრით, წერილის ავტორი არის ბატონი ივანიშვილი. პირველ რიგში ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მორიგ ერთობლივ განცხადებას.

„ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი
აღნიშნავენ, რომ „ე.წ. გავრილოვის ღამეს ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა“.

როგორც ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 20 ივნისის შემდეგ, როდესაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ოცნებიდან წასული აღნიშნული დეპუტატები მას „ტაშს უკრავდნენ და აქებდნენ“.

„საგულისხმოა, რომ ეს „ოთხეული“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს. ეს „ოთხეული“ არის ფოსტალიონის როლში და წერილის ავტორი ჩვენი აზრით, არის ბატონი ივანიშვილი, პირველ რიგში, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა. ამ წერილებით, ამ ადამიანების ხელით რომ ავრცელებს, თქვას რისი თქმა უნდა ქართული საზოგადოების წინაშე. ნიშანდობლივია, რომ ეს ადამიანები ტაშს უკრავდნენ ბატონ გახარიას. 20 ივნისის შემდეგ ბატონი გახარია დაინიშნა პრემიერად, მას ტაშს უკრავდნენ, აქებდნენ, ადიდებდნენ და თუ რამის თქმა უნდოდათ, მაშინ რატომ საუბრობდნენ სხვანაირად და დღეს რატომ საუბრობენ სხვანაირად? ჩემი აზრით, აქ ნიშანდობლივია, რომ წერილის მთავარი ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და იმან უნდა თქვას რაც უნდა.

ვფიქრობ, ამ ადამიანებმა არც მაშინ იცოდნენ სიღრმისეულად რა ხდებოდა სახელმწიფოს შიგნით, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით და არც ახლა იციან. ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფოსტალიონის როლში საუბრობენ იმ დეტალებზე, რომელზეც წარმოდგენა საერთოდ არ აქვთ, ამიტომ წერილის ავტორი ვინც არის, უნდა გამოვიდეს და თქვას საერთოდ რა უნდა – გინდ ამერიკელებთან მიმართებით, გინდ ბატონ გახარიასთან და სხვებთან მიმართებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის აბსურდი და ამ აბსურდის ავტორი არის ერთი ადამიანი და ეს „ოთხი ამიგო“ და „ჩარლის 4 ანგელოზი“ სულაც არ არის ამ წერილის ავტორი. შესაბამისად, წერილის ავტორი ვინც არის, ის უნდა გამოვიდეს და თქვას რა უნდა“, – განაცხადა ქემოკლიძემ და „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებების მიზანზეც ისაუბრა.

„ერთადერთი მიზანია, რომ ჩამოიწიოს ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მხარდაჭერა, რადგან როდესაც დასავლეთის მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში არის დაახლოებით 85-87%, აპრიორი ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ხელისუფალს მოუწევს იმ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმის შესრულება, რომელიც ევროკავშირმა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობითობის პაკეტში. ამ 12-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევა შინაარსობრივად არ უნდათ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუციურად სახელმწიფო ბევრად უფრო განვითარდება და ავტომატურად „ქართული ოცნება“ დაკარგავს ერთპიროვნული მმართველობის ინსტრუმენტებს.

„ქართულ ოცნებას“ და მასში დარჩენილ სუბიექტებს არც მაშინ [2019 წლის 20 ივნისს] ჰქონდათ მორალი და არც ახლა აქვთ მორალი. დღეს ერთს იძახდე, ხვალ – მეორეს და ზეგ -მესამეს და შემდეგ პირველ ჩვენებას უბრუნდებოდე, ქართულ პოლიტიკაში ამაზე დიდი აბსურდი და სირცხვილი არ არსებობს. ადამიანი ფასობს საკუთარი სიტყვით და საკუთარი სიტყვით იჭედება ღირსება. როდესაც ერთს იძახი, ეს პოზიცია უნდა დაიცვა – თუ არადა საერთოდ განცხადებების გაკეთებას უნდა შეეშვა, ეს არის ჩვენი პრინციპი“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

magti 5g