პარლამენტიც ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები რჩებიან უმრავლესობაში, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში უმრავლესობა დაიშლება“. როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განმარტა, „უმრავლესობის დაშლა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ გააძლიერებს და ქვეყნის მტრებს გაუხარდება“.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და კონსტიტუციით არის გარანტირებული, შესაბამისად, რამე ცვლილება არ მომხდარა და არც მოხდება მომავალში. მარტივად გავაანალიზოთ რა თქვეს ჩვენმა კოლეგებმა და რა ნაბიჯები გადადგეს შემდეგ. მათ თქვეს, რომ მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მთელ რეგიონშია აქტუალური და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ პარტიის რიგები.
ეს ადამიანები რჩებიან უმრავლესობაში, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში უმრავლესობა დაიშლება და ამას მოჰყვება შემდგომი პროცესები, რაც არ არის სასურველი. ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მტრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ევროპასთან დაახლოების პროცესში, საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები „ხალხის ძალის“ დეპუტატების ხელით დაიბლოკოს, ამასთან დაკავშირებით თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დეპუტატების ამ ჯგუფმა დაუჭირა მხარი ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ევრორეკომენდაციას შეესაბამება.
„ამ დღეებში ევრორეკომენდაციის ინიცირება მოხდა, სწორედ ჩვენს მიერ არავითარი შეფერხება აქ არ არსებობს. დეპუტატების ამ ჯგუფმა დაუჭირა მხარი ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ევრორეკომენდაციას შეესაბამება. ვინც ეს არ გააკეთა და ვინც ამის წინააღმდეგ წავიდა, ეს არის ოპოზიციის დიდი ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. რუსული საქმის გამკეთებლები უნდა ვეძებოთ მათ შორის. როცა ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ახდენ ეს არის რუსული საქმე“,- განაცხადა თალაკვაძემ.
