LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის საქართველოში ყველაზე უფრო ევროპულ სოფელში მდებარე მოედანი” – ძველ გერმანულ სოფელში მდებარე “სადგური” “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია

712
სადგური

“თიბისის” ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022 ასურეთში მდებარე კაფე და ლუდის ბაღი „სადგურია“ წარდგენილი. გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში – აღნიშნულ ნომინაციაში სამ კომპანიას შორის ერთ-ერთი ფინალისტია კაფე “სადგური Bahnhof Station”, რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში ფუნქციონირებს.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბარათაშვილი “ბიზნესნიუსს” “სადგურის” დაარსებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ ესაუბრა.

„სადგურის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მე და ჩემმა მეუღლემ გარკვეული დრო ევროპაში გავატარეთ, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ავირჩევდით და ვსტუმრობდით რომელიმე პატარა ქალაქს ან სოფელს და მთელ დღეს ვატარებდით ამ სოფელში, ვსვამდით ღვინოს ან ლუდს, ვაგემოვნებდით სხვადასხვა სახის კერძებს,  ვუსმენდით მუსიკას, ვმონაწილობდით ათასგვარ ფესტივალებში, ვიცნობდით ახალ ადამიანებს, გული გვწყდებოდა რომ იგივე შესაძლებლობა  საქართველოში თბილისის გარეთ იშვიათად არსებობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენმა მეგობარმა შემოგვთავაზა, დაგვეთვალიერებინა ასურეთი და ბოლნისი, ყოფილი გერმანული დასახლებები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც ერთის რეაბილიტაცია არ იყო დაწყებული, იმის წარმოდგენამ, თუ როგორ ცხოვრობდნენ აქ 80 წლის წინ გერმანელები, როგორ შრომობდნენ ან ატარებდენ თავისუფალ დროს და როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადგილები და მათი გავლენით მთლიანად საქართველო, რომ არა სტალინის მიერ მათი იძულებით გადასახლება, გაგვიჩინა იდეა, რომ მოგვეხდინა თუნდაც მცირე მასშტაბით ასეთი ევროპული სოფლის რეკონსტრუქცია. კონკრეტულად – აღგვედგინა გარემო, სადაც ჩასულ ადამიანს საქართველოდან წასვლის გარეშე საშუალება ექნებოდა მიეღო ის სასიამოვნო შეგრძნებები, რისთვისაც ხშირად ვმოგზაურობთ ხოლმე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვეთ შესაფერისი ადგილი ელიზაბეტთალში გერმანელების მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სატრაქტორო-სამანქანე სადგური. შენობა და გარემო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ჩვენი სახსრებით მისი გაწმენდა და აღდგენა წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა გავიგეთ გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების პროგრამის“ შესახებ, რომლის საშუალებითაც მიღებული გრანტი დაგვეხმარა, ჩვენი ოცნების რეალიზაციაში. დღესდღეობით სადგური მხოლოდ მცირე მოდელია იმის, რაც საბოლოო ჯამში გვინდა მივიღოთ.

ეს არის საქართველოში განსხვავებულ და ყველაზე უფრო ევროპულ სოფელში მდებარე პლაცი/მოედანი, რომლის გარშემო განთავსებულია სხვადასხვა ობიექტები, გესთ ჰაუსი, საცხობი, ღია და დახურული კაფეები, ლუდის ბარი. ჩვენთან მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახის კერძები, რომლის მსგავსს სხვაგან არ მგონია შეხვდეთ (მაგალითად „ნემეცურს“), დალიოს ლუდი, ან ადგილობრივი, მხოლოდ ასურეთში რომ ყენდება ისეთი ღვინო „შალა“ (რომელიც ასევე გერმანელი კოლონისტების მიერ გაკულტურებული ვაზის ჯიშის ყურძნის ნაყოფია), მოუსმინოს მუსიკას ძალიან საინტერესო არტისტების აკუსტიკური შესრულებით, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ფესტივალებში (საშობაო ბაზრობა, ოქტობერფესტი) ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად გაატაროს სასიამოვნო დრო და დატკბეს ლამაზი ხედებით”, – გვიყვება გიორგი ბარათაშვილი.

როგორც გიორგი ამბობს “თიბისის” დაჯილდოებაში გამარჯვება მათთვის დამატებითი სტიმული იქნება ფინანსების მოსაზიდად, საქმიანობის გასაფართოებლად და მეტი ადამიანის დასასაქმებლად.

“ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს კონკურენტებს, მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას მცირე ბიზნესი ვართ. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა გავიმარჯვოთ. რეგიონი ზოგადად არც ისე განებივრებულია ახალი ბიზნესებით და ოპტიმიზმით ვემზადებით”, – ამბობს “სადგურის” დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022, ჟიურიმ ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. სულ 5 ნომინაციაში 15 ფინალისტი შეირჩა.

ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ცნობილია

წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი  ნომინაციაში - გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი  ნომინაციაში – გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი,  კვლევითი კომპანია ANOVA უზრუნველყოფს.

ბიზნეს დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412–მა კომპანიამ გამოთქვა. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, სულ ცოტა დრო დარჩა.

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g