LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფოტო ჩემმა შვილმა გამომიგზავნა, შორს წამიღო… სოხუმში.. შვილის მონატრებაში მძვრება სული, დევნილი ლტოლვილი ვარ“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი ნინო კვარაცხელია

695
Untitled design (1)

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნინო კვარაცხელია საზოგადოებამ მისი და ემზარ ჯღარკავას საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო – წყვილმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა.

ნინო კვარაცხელია და ემზარ ჯღარკავა აფხაზეთიდან დევნილები არიან და ახლა აშშ-ში ცხოვრობენ. ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში ხშირად წერს სოხუმში გატარებულ წლებზე. ამჯერად კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს შვილთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მოგონებას უზიარებს:

„ჩემმა შვილმა გამომიგზავნა დღეს, თამუნიამ და ამეფოფრა ფიქრები, შორს წამიღო…სოხუმში…1992 წელია, ივლისი, არაფერი მოასწავებს იმ უბედურებას, რაც აგვისტოში დაგვატყდება თავს. ეს ადგილი… ბოტანიკური ბაღია, სადაც კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი, ზოგჯერ თამუც მიმყავდა.

უყვარდა მანდ ბაჩუნი, გოგოები წააკონწიალებდნენ და ნაირ ნაირ ყვავილებთან ფოტოებს უღებდა ბაღის ფოტოგრაფი, დიდი ნაწილი ფოტოების კაბინეტში მქონდა შენახული, ბომბი დაეცა და დაიწვა ჩემს სადისერტაციო ნაშრომთან ერთად. ეს გადარჩა, მთელი ისტორიაა ამ ფოტოში… კაბა ოდესელი „სპეკულიანტისგან“ ვიყიდეთ, პალინა ერქვა, ვინ იცის სადაა ეხლა, რომელ ქვეყანას შეაფარა თავი დევნილად, თუთანა დეიდასთან ჩამოდიოდა, მეზობელთან, ბრენდული ტანსაცმელი ჩამოქონდა და დავდიოდით ბოლო მოდაზე „ჩაშმოტკილები“.

კიდევ ბასანოშკები მახსოვს და თამუნას ტიტინი – „მიკიმაუსიანები კაბა ჩამაცვიო“ – კაბა თბილისში გადმოგვყვა და არ მახსოვს, ვის გადავულოცეთ, კარგად ის მახსოვს, რომ უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით. ახლა კი შვილის მონატრებაში მძვრება სული, დევნილი ლტოლვილი ვარ.

ისე, საქართველოს მთავრობა დროა ორმაგ სტატუსზე ფიქრობდეს, მაშინ დევნილები 400 000 -მდე ვიყავით, ლტოლვილები კი გაცილებით მეტია, მილიონს გადასცდა დიდი ხანია და აგერ კიდევ 800 000 ადამიანი დარჩაო მხოლოდ შრომისუნარიანი საქართველოში. ნეტავ იმ დროს და იმ სამშობლოს“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

„მთავარია დროზე მივირბინოთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს სახლში, სადაც ყველაფერს სხვა გემო, სურნელი და ლაზათი აქვს“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი აშშ-დან: როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g