ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ქურციკის შვილი – ლიკლიკა დაიბადა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ქურციკს კარგად აქვს განვითარებული ყნოსვის, სმენის და მხედველობის უნარები.
„2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის მათი რაოდენობა 150 ინდივიდამდეა გაზრდილი“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იქნება დაკეტილი. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით.