LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს დაფინანსებით, მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა

55
294693492_407949844699112_8549565730218923384_n

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მაჭახელას ეროვნულ პარკში გახსნილი ახალი საგამოფენო სივრცე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დაათვალიერა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა ესწრებოდნენ.

„გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებელზე. აქ მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. ვიზიტორები უკეთ გაეცნობიან მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურას და შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას. ვიზიტორები მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას, ინტერაქტიურ რეჟიმშიც შეძლებენ.

საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.

“მაჭახელას ეროვნული პარკი ტურისტული თვალსაზრისით ნამდვილად საოცარი ადგილია, თავისი არაჩვეულებრივი ბუნების გამო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით დაარსდა ტურისტული ცენტრი და საგამოფენო სივრცე აქ. იმედი მაქვს რომ ვიზიტორები ესტუმრებიან და ისინი ნამდვილად შეიტყობენ უფრო მეტს ამ ადგილის შესახებ, რომელიც საქართველოს სამოთხის ნაწილია” – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ.

ცნობისთვის, საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები