LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მსხვილი ჩინური კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ

121
ჩინეთი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ვაჭრობითა და დისტრიბუციით, იმპორტ-ექსპორტით დაკავებული მსხვილი კომპანიების, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციისა და ჩინეთის საკვებისა და ფერმენტაციის ინდუსტრიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები შედიან, საქართველოში ქართული ღვინის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის, ასევე, საექსპორტო პოტენციალის გაცნობის მიზნით იმყოფება.

„ბოლო წლებში სამთავრობო დონეზე გააქტიურებული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება კარგი შესაძლებლობაა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით გაღრმავდეს. საქართველოსთვის მევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტული მიმართულება. ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად დარგი მნიშვნელოვნად განვითარდა – გაიზარდა ვენახების ფართობები, გადაიარაღდა არსებული და შეიქმნა ახალი საწარმოები, განვითარდა საოჯახო, მცირე და საშუალო მარნები. რაც მთავარია, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ღვინის ექსპორტმა. არაერთი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებადაა განსაზღვრული. შესაბამისად, ქართული ღვინის ცნობადობის, პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით ჩინეთში სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას აქტიურად ვახორციელებთ, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვან ზრდას“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.

„ჩვენი დელეგაციის წევრების უმეტესობა საქართველოში პირველად იმყოფება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის დადებითი შთაბეჭდილებები, რაც ქართულმა სტუმართმოყვარეობამ და უნიკალურმა ღვინოებმა მოგვანიჭა. ვფიქრობ, ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია. თქვენი ღვინის წარმოების დიდი ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, უნიკალური ქვევრის ღვინო ჩინეთის საზოგადოებამ კარგად უნდა გაიცნოს. შესაბამისად, სახელმწიფო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებით, საჭირო ბიზნესკავშირების დამყარებით და მარკეტინგული აქტივობებით ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მეტად პოპულარიზაცია და ექსპორტის გაზრდა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იუან ლიუმ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩინეთის სპირტიანი სასმელების ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის, ღვინის გამოფენის „საქართველო ღვინის აკვანი“ და მაღალი დონის ღვინის ტურიზმის ფორუმის ჩატარების საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ღვინის მწარმოებელ საწარმოებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან ღვინის დაყენების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მეთოდებს და ქართული ღვინის სახეობებს დააგემოვნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები