ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ სამმა პროგრამამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. თსუ-ს ცნობით, ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღეს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა და იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამამ, რომელიც შპაიერის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნას“ ეთერში თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, სიახლე სტუდენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება, რაც ნიშნავს იმას, რომ „მათ მიერ მიღებული დიპლომი შეესაბამება საერთაშორისო დონეს და მზად არიან გლობალური ბაზრისთვის“.
როგორც თამარ სულუხიამ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია ქვეყნის განათლების სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც „პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენ შევესაბამებით იმ დონეს, რომელიც უმაღლესი განათლების უმაღლეს სტანდარტად ითვლება“.
„სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ისეთი ცოდნის მიღებას, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებს. ეკონომიკა დღეს უმნიშვნელოვანესი სფეროა მთელი მსოფლიოსთვის, რათა ეკონომიკური კრიზისიდან ამოვიდეთ. ეკონომიკის ანალიტიკოსი – არის ის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რომელიც ყველა ქვეყანაში საჭიროა, ამიტომ სტუდენტები, რომლებიც იღებენ ცოდნას საერთაშორისო აკრედიტირებულ პროგრამაზე, ამ შემთხვევაში ISET-ის საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამაზე, მათი ცოდნა და მათ მიერ მიღებული დიპლომი შეესაბამება საერთაშორისო დონეს და ისინი მზად არიან გლობალური ბაზრისთვის.
ISET ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კურსდამთავრებულების ძალიან მაღალი დასაქმების მაჩვენებლით. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 99%-ზე მეტია, მაგრამ აღნიშნული სიახლე ჩვენ კურსდამთავრებულებს მისცემს საშუალებას, უფრო ამბიციურად გავიდნენ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
ჩვენი განათლების სისტემისთვის ინტერნაციონალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი. იმისთვის, რომ საქართველო დავიტანოთ განათლების სისტემის საერთაშორისო გლობალურ რუკაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები და მათი პროფესიული პროგრამები იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და მატარებელი. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენ შევესაბამებით იმ დონეს, რომელიც უმაღლესი განათლების უმაღლეს სტანდარტად ითვლება“, – განაცხადა თამარ სულუხიამ.
მისი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი დაახლოებით 1 წლის წინ შეიტანა. 9-თვიანმა ინტენსიურმა მუშაობამ კი შედეგი გამოიღო და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს FIBAA-ს აკრედიტაცია მიენიჭა.
„ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით და მთელ მსოფლიოში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უნდა იყვნენ აკრედიტირებული. რა თქმა უნდა ჩვენ პროგრამებს ჰქონდათ აკრედიტაცია საქართველოში, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაახლოებით 1 წლის წინ გადაწყვიტა, რომ ასეთი ამბიციური ნაბიჯი გადაგვედგა და საერთაშორისო აკრედიტაციაზე შეგვეტანა განაცხადი.
9-თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად უზომოდ სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ, რომ ორივე პროგრამას მიენიჭა FIBAA-ს აკრედიტაცია.
FIBAA გერმანული სააკრედიტაციო სააგენტოა, რომელიც ახდენს საერთაშორისო აკრედიტაციას და არის ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის წევრი“, – განაცხადა თამარ სულუხიამ „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.