ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნეს. ის იხსენებს 17 წლის ასაკში თავს დატყდარ ომს, ინფორმაციის ვაკუუმს და შეგრძნებებს, რომლებიც ყველას აერთიანებდა.
ამის მიუხედავად, ზუკა ფიქრობს, რომ დღეს როგორი შოკისმომგვრელიც არ უნდა იყოს, ისევ საჭიროა იმის თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტი და ბოროტების იმპერიაა; ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსეთს არაუშავს.
„11 წლის წინანდელი #7აგვისტო რომ დადგა, ბახმაროში ვისვენებდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. პირველად რომ ვიღაცამ თქვა რუსეთმა ომი დაგვიწყოო, ალბათ წამში გამიარა თვალწინ ყველა ბრუტალურმა კადრმა, რაც ეკრანზე ოდესმე მენახა, მაგრამ ელვის სისწრაფით მივაყოლე ამ ინფორმაციას წიხლი, ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი… მაშინ მეგონა ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ ვიღაცები, და მით უმეტეს ბავშვები, ისედაც ათას სიგიჟეს ამბობდნენ ხოლმე… განსაკუთრებით გაიშვიათებულ ჰაერზე. აშკარა იყო, იმ ყურებს შორის უცებ-უცებ ჩატარებულ ინფორმაციას მთლად უკვალოდ ვერ გაევლო. შიგნიდან მღრღნიდა რაღაც, მაგრამ არც იმაში ვუტყდებოდი თავს, რა იყო ჭია, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა… იმ მომენტში ბახმაროს ცენტრში ვიყავი, რაც სოციალიზაცია-გართობის ეპიცენტრი და საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო, მაგრამ ყველაფრის ხალისი წამში დამეკარგა და სახლისკენ გამიწია… ჩვენს კოტეჯამდე, რომელიც გაღმა ფერდობზე მდებარეობდა, მინიმუმ ნახევარი საათის გზა მაინც იქნებოდა. არადა ახალმისულები ვიყავით, იმის გამხელაც არ შემეძლო, რა ბზიკმა მიკბინა, მაგრამ სახლში არწასვლა კიდევ უფრო არ შემეძლო. რაღაცნაირად აღმოჩნდა და გამოირკვა, რომ მხოლოდ მე არ ვიყავი ასე, სახლისკენ წამოსვლა ჩემს მეგობარსაც უნდოდა, ოღონდ რატომ, ისიც ვერ ამხელდა… ჩვენ სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდით ამგვარი ინფორმაციის მისაღებად მანამ, სანამ ის ყველანაირად არ დასაბუთდებოდა, ჩვენ ამგვარი ინფორმაციის დასაშვებადაც კი არ ვიყავით მზად, მისი მიუღებლობის გაცნობიერებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ… გზაში უხმოდ მოვდიოდით. ეს დიდი იშვიათობა იყო. ისტერიულად ვებრძოდი ყველა ფიქრს, რომელიც ჭიისთვის ნიღბის ჩამოხსნასა და გონს მოსვლას ემსახურებოდა…
არც ისეთი პატარა ვიყავი, ერთი თვე იყო გასული რაც 17 წელი შემსრულებოდა, სკოლა დამთავრებული მქონდა, სექტემბერში უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი… მაგრამ ამ ცნობასთან ბრძოლაში, სადაც ემოციურ თავშესაფარს ბავშვურ გულუბრყვილობაში ვეძებდი, საბოლოოდ, თავი იმდენგზის დავიპატარავე, რომ მომდევნო დღეებში ხანდახან ერთი შეხედვით სრულიად უდარდელადაც კი ვთამაშობდი ფეხბურთს ან დავბოდიალობდი ტყეში. მაგრამ მომდევნო დღეებამდე იყო ის უსასრულო გზა, რომელმაც ჩემი და ჩემი მდუმარე მეგობრის უამრავი არშემდგარი დიალოგი დაიტია… -ჰა? -რა? -მითხარი რამე? -არა… და ა.შ.
საკუთარ თავებს ვემალებოდით და ერთმანეთს როგორ გავუსწორდებით თვალებს ან სათქმელს…
საღამო ხანი იქნებოდა სახლში რომ ჩავედი. ჭუჭყიანი, გაბურძგნული (მაშინ ქოჩორი კი მქონდა), მოუწესრიგებელი და სუნიანი (ბუჩქებში ვეყარეთ ხოლმე ძირითადად).
მოგონებები ბაბუაზე და აგვისტოს ომზე: შე მამაძაღლო, იმაზე ვინერვიულე მაგისი ამხანაგები ომში წავიდნენ და ამას ისრაელში რა მიარბენინებს თქო!
როცა გზა მთლიანად ავიარეთ და ჩვენს უბანს მივუახლოვდით, ჩემი დაჭიმული ფსიქიკა ოდნავ მოეშვა. ასე სახლის, და ჩემი ოჯახის წევრების დანახვამ იმოქმედა. მაგრამ როდესაც უკვე ეზოს მივადექი და დედაჩემის სახე დავინახე… სრულიად გამოვხიზლდი. – მართლა ომია? ვიკითხე ნაძალადევი სიმშვიდით. – ეგრე ამბობენ. მიპასუხა დედაჩემმა ტირილით, რომელმაც ცხადია ზუსტად იცოდა რომ ომია, მაგრამ მეტისთვის ვერ გამიმეტა… მეც კვლავ უმალ ვისარგებლე მდგომარეობის შემსუბუქების მის მიერ შემოთავაზებული შანსით და -ვახ, საჭმელი რა გვაქვს-მეთქი ვიკითხე… იმანაც მოჩვენებითი ჩვეულებრივობით მოიწმინდა ცრემლები და ახლავეო სამზარეულოში შექანდა, სანამ იქიდან არჩევანს მაცნობდა, მე ტასოს ვეხუტებოდი და ისევ სრულად ვაცნობიერებდი ყველაფერს. ხოლო როცა სამზარეულოში დავბრუნდი, კვლავ წარმატებულად მქონდა თავი გაშტერებული. მაგრამ ჭამით კი ვერაფერი ვჭამე და ეგ ფაქტიც დიდი მონდომებით მივჩქმალე.
ისევ მეგობარს გავძახე და “ფლეისთეიშენებში” ჩავედით, ის უკვე ჩემზე უკეთ “უმკლავდებოდა” ამ სრულიად გამოსაყლევებელ ინფორმაციას და ისიც კი ამოილუღლუღა რაღაც პონტში მაგარია ომიო. თუმცა ნაშუადღევს უკვე მთელი ბახმარო ისეთ პანიკას ჰქონდა მოცული, რომ ჩვენ ჩვენი ფუჭი დამალობანას თამაში შორს, ტყეში, მარტოებს გვიწევდა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ერთგვარი ბიპოლარული აშლილობა მხოლოდ ჩვენ გვჭირდა და სულის მოსათქმელად ყველა არ ეძებდა მომენტს, როცა წამით მაინც დაიჯერებდა რომ არაფერი ისეთი არ ხდება. არც ამდენად განვითარებული საკომუნიკაციო საშუალებები მაშინ ამის მცირედ შესაძლებლობებს იძლეოდა ბახმაროში… მაგრამ იყო მონაკვეთები, როცა მთელი ბახმარო ვგრძნობდით ერთმანეთის შეშინებულ სუნთქვას… ეს არა ომის დღეები, არამედ ომის ღამეები იყო… მთელ დასახლებაში ერთი ნათურაც არ ბჟუტავდა, ასე ვიმალებოდით დაზაფრულნი. და არ გვეძინა. რა თქმა უნდა არ გვეძინა. მახსოვს ერთხელ აქაც გავიბრძოლე, შუქი ავანთე და ჭკუიდან შეშლილ დეიდაჩემს ძაან თავდაჯერებულმა მივუგე შენ ნუ ხარ პანიკა მეთქი… ყელში ბურთგაჩხერილი დედაჩემი სასწრაფოდ სანათთან მივიდა, ჩააქრო და რა პანიკა შვილო, რა პანიკაო! ვეღარ მოითმინა… მორალურად მანდაც კარგა მაგრად ავყირავდი… მახსოვს დედაჩემზეც ვბრაზობდი…
თუმცა ჩემი კოშმარული ყირამალა იმ წამს დასრულდა და იქცა სწორხაზოვან ჯოჯოხეთად, როცა თბილისიდან მეორე დეიდაჩემმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ თუ ლეო იმავე საღამოს არ გამოცხადდებოდა უახლოეს კომისარიატში, მისი, როგორც დეზერტირის ძიებას სამხედრო პოლიცია დაიწყებდა. რეზერვისტების სრული მობილიზაციაა. რეზერვისტების, რომლებიც ჯოკრის თამაშით სკდებოდნენ რეზერვში… ვიფეთქეთ ყველამ ერთად, უკვე გვსმენოდა რომ მთელ ქვეყანას ბომბავენ, ტრასები დაკეტილია, ზუგდიდში, გორში, კასპთან, ფოთში დათარეშობენ… და კიდევ ათასი საშინელება, რომელთაგან სიმართლე რა იყო და რა არა ფაქტიურად არავინ ვიცოდით… და ამ საინფორმაციო ვაკუუმის სიმძიმეც უცებ დაგვაწვა ასმაგად…
ჯერ იქნებ ვერ ასწრებს, ან სანამ დაგვემუქრებიან, საერთოდ წესიერად გაგვაგებინონ რა ხდება-მეთქი, სამხედრო პოლიციას ვაგინებდი. მერე ამერიკა და ევროპა სადაა როდემდე უნდა გვბომბოს რუსეთმა, რომელსაც ცხადია რომ ფეხებს მოვჭამთ-მეთქი… ჩვენი მთავრობის და პრეზიდენტის გინებაც მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, თითქოს არ შეიძლებოდა… არადა მოგეხსენებათ შვიდი ნოემბერიც მომხდარია და მრავალი სხვა უბედურებაც, არც საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებთ დიდად თანმიმდევრულს და საშინაოს ხომ მით უმეტეს… მაგრამ ჩარჩენილი მქონდა სწორედ ნოემბერში დარბეული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები, რომლებმაც საომარი მოქმედებების პირველივე წუთიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს პრეზიდენტს, იმ დღეებში არავინ აძახებდა სააკაშვილს რა ჯანდაბად არ გამოათრია ქვეყანა სრულიად უსარგებლო დესეთედან (თუმცა კი აწი უკვე რაღა სათქმელი ეგ იყო, 15 აგვისტოსვე განაცხადა გამოვედითო ? ) და რატომ აძლევდა რუს „მშვიდობისმყოფელებს“ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნის ლეგიტიმაციას. და მეც მესმოდა, რომ ასე იყო საჭირო. მაგრამ ვყვიროდი ბევრ სხვა რამეს, ომთან დაკავშირებულს, სრულიად დაუკავშირებელს, ყველაფერს რაც მაწუხებდა, ამ ისტერიას ხელი შეუწყო იმანაც, რომ არც მანამდე და არც შემდეგ, ეგრე წყობიდან გამოსული დედაჩემი არ მინახავს. თან მოთქვამდა და თან თითქოს ჩახვეული ჰქონდა, იმეორებდა და იმეორებდა “ეგეთი არც სამშობლო მინდა და არც თავისუფლება, ვაღიარებ, ლაჩარი ვარ, ჩემს შვილებს თავი დაანებეთო…” ჰოდა მეც რაღა გასაკვირია რო სრულიად გავასხი ჩემი სახელდახელოდ შეკოწიწებული ჯავშანი და ამოვუშვი და ამოვუშვი…
ლეო დიდის ამბით გავაცილეთ, თვითონ კი კაი რა არ მინდა დრამატული დამშვიდობებებიო… მთელი ცხოვრება ვუტრაკებდი ნუ ხარ უჟმური პიერო, გაიღიმე მეთქი… თუმცა მანდ, ალბათ პირველად სრულიად ვიზიარებდი მის პათოსს.
ომი არ მოწევია, მაგრამ იყო მომენტი, როცა რაღაც ფრაგმენტულად გაიჟღერა ქივორდებმა: ავტობუსი, რეზერვისტები, დაბომბვა… და რამდენიმე წამის განმავლობაში უბრალოდ არ ვარსებობდი…
რუსეთის საფრთხისთვის გაორებულად (დაგვენძრა თუ არაფერი ისეთი) აღარასდროს შემიხედავს. ერთი ეგ იყო, სანამ ბახმაროს ცაში ვიყავით გამოკიდული, ბევრი მართლა არაფერი ვიცოდით, ყოველ წამს უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ჟღერდებოდა და მეც შედარებით კრიტიკული, ოღონდ გაცილებით ადეკვატური გავხდი. აქ უკვე მომემატა წლები… მინიმუმ უნივერსიტეტში მისვლამდე, სადაც პირველ კურსზე პატიოსნად დავუბრუნდი სრული ჩაინიკის საპატიო როლს… მაგრამ რუსეთს აღარასდროს შეხებია ჩემი ეგ გულუბრყვილობა.
თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთი არ ეშვება ჩვენს გულუბრყვილობას და მთელი მონდომებით ასაზრდოებს ვერსიას, რომ “არაფერი ისეთი”.
და რაოდენ აუტანელიც არ უნდა იყოს ამის გაცნობიერება, გამოსდის. რაოდენ შოკისმომგვრელიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ქვეყანაში დგას განუზომელი საჭიროება იმისა, რომ უბრალოდ ვთქვათ: “რუსეთი ოკუპანტია”
გესმით? ოკუპანტია მა რა ჩემი ყლეა?!. ოკუპანტი კი არა ბოროტებაა, ბოროტების იმპერია, რომელიც ოცნებობს, რომ დაგვამციროს, დაგვაშინოს, გადაგვიაროს, გაგვაუპატიუროს, ცეცხლში დაგვფერფლოს და მერე ჩვენი უნიტაზები წაიღონ… ჩვენთან მართლა სჯერა ხალხს, რომ რუსეთს არა უშავს. მართალია ჩვენთან ხალხს იმისიც სჯერა, რომ უმცირესობების უფლებები ევროპიდან და ამერიკიდან ქართველების გადასაშენებლად შემოგდებული თემებია, მაგრამ მე ეგ უფრო ნაკლებად მიკვირს, ვიდრე იმასთან “ძმაკაცობის” სურვილი და ილუზია, ვინც უკვე მეოთხე საუკუნეა უწყვეტ და უსასრულო ჯოჯოხეთში გაცხოვრებს.
მაპატიეთ თუ ძალიან დაგზაფრეთ, ალბათ ხვდებით მეც რამდენი რამ დამილაგდა გონებაში ახლა ამ ამბების გახსენებისას… მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ისიც ბაზრდებოდა ომი მოვიგეთო, მაგას ვინ დავიჯერებდით… ომი წავაგეთ. ჯერ საერთოდ ომი გვქონდა. თან წავაგეთ. ზოგადად, ალბათ, ომს ყველა აგებს. ყველა ომი მორიგი მარცხია კაცობრიობისთვის. მაგრამ ეს ომი ისე წავაგეთ, რომ გაგლეჯილ გულებშიც ჩაგვაფურთხეს, ზუსტად ნაპრალებში… ამ ომიდან ჩვენ გიორგი ანწუხელიძის კადრები დაგვრჩა. ადამიანის, რომელმაც ჩემი, შენი, დანარჩენების სიცოცხლისთვის, აი ესე ადგა და თავისი გაწირა. ვინ ვიყავით საერთოდ მისთვის? შენ იცნობდი? მე არა… მანამდე არც გამეგონა მისი სახელი და გვარი… მაგრამ ის გვიცნობდა როგორც ჩანს… თანაც, ხუთი თითივით… მან ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ, ყველამხრივ განადგურებულ რამდენიმე მილიონ გულუბრყვილო ადამიანს, ოდესმე ფუნცქიონირების აღსადგენად, ჰაერივით დაგვჭირდებოდა რაღაც, პატარა ხელჩასაჭიდი, რომელიც ასევე მისი გადასარჩენი გახდა… ეს პატარა ხელჩასაჭიდი, არც მეტი არც ნაკლები, ჩვენი ღირსება იყო. თვითაღქმა, როგორც ხალხის, რომელთა რიგებშიც, ანწუხელიძეები იბადებიან. რწმენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, არ ამოვწყდებით, როგორც არასდროს ამოვმწყდარვართ, მართლაც რომ, მიუხედავად ყველაფრისა… ვისთვის ამის მიზეზი ღვთისმშობლის კალთაა, ვისთვის ათასწლეულების განმავლობაში ნაზელი ცივილიზაციების შვილების უსაშველო სიყვარული სიცოცხლისადმი, ვისთვის უბრალოდ გაუტეხელი სიჯიუტე…
მე კი უფრო მაინც იმ გულუბრყვილობაზე მეფიქრება, რომელზეც, მგონი, დიდი შანსი არც მქონია არ მეფიქრა…
ყოველი აგვისტოს მოახლოებისას, მე მეფიქრება, რომ
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,
თავისუფლების ძებნაში მკვდარი…
და როგორ არ ვიფიქრო ასე, აი სად ანწუხელიძე და სად ნებისმიერი მონა ჩვენი მოღალატე ხელისუფლებიდან?
არის რამე სხვა ვერსია?
თავს ვერ დავდებ, რომ ბომბდამშენმა მინდა გამხეთქოს, მაგრამ იმაში კი არ მეპარება ეჭვი, რომ მონობით არათუ გადიდკაცება, სიკვდილის წინ წამიერი შვების მოპოვებაც კი არ მინდა…
და 11 წელია მაქვს მოკრძალებული რწმენა, რომ ამის მიზეზი, ისიც არის, რომ ქართველი ვარ“ – წერს ზუკა ბერძენიშვილი.