LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგონებები ბაბუაზე და აგვისტოს ომზე: შე მამაძაღლო, იმაზე ვინერვიულე მაგისი ამხანაგები ომში წავიდნენ და ამას ისრაელში რა მიარბენინებს თქო!

1227
66447005-2584420668257096-212791019354193920-n

ადვოკატი რაულ აგიკიანი, 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს. როგორც ის წერს, ოკუპაციის დღეებში რეზერვში იყო, თუმცა ეს ამბავი ბაბუას დაემალა, რომ არ ინერვიულა.

ომიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ბაბუამ პირიქით, იმაზე ინერვიულა, შვილიშვილი რომ ასეთ დროს, სამშობლოს და მეგობრების გვერდით არ დადგა.

რაულ აგიკიანი წერს, რომ ასეთი ბაბის გაზრდილი შვილიშვილები შეძლებენ იმას, რომ წართმეული ტერიტორიები კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დააბრუნონ.

“2008 წელს, ოკუპაციის დღეებში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საღამოს საათებში დამირეკა ჩაქვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მაცნობა რომ მეორე დღეს რეზერვისტთა მობილიზაცია ხდებოდა ქუთაისში.

მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი მყავდა ცხონებული ბაბუაჩემი, მაგრამ უკვე ღრმა ასაკში იყო (79 წლის), თან ბებო ახალი გარდაცვლილი გვყავდა და მოკლედ, რომ არ ენერვიულა ზედმეტად გადავურეკე და ვუთხარი რომ ისრაელში მივფრინავდი და შეიძლება რაღაცა პერიოდი ვერ დავკავშირებოდი ტელეფონით და არ ენერვიულა.

ცოტა ხნით სიჩუმე იდგა ყურმილის მეორე მხარეს, მერე კი ჩუმი ხმით მითხრა „კარგი ბაბუო!“ და გამითიშა ტელეფონი. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

მოკლედ, წავედი დილით ქუთაისში, იქედან რეზერვისტები გორისკენ წაგვიყვანეს, იქ მოხდა რაც მოხდა და რაც უკვე ვიცით ყველამ. ორი თუ სამი დღე ტყეში ვიბორიალეთ და შემდეგ გამოგვიყვანეს. ქუთაისში შესვლამდე რომ ტყეა, იქ ჩავაბარეთ ფორმები, იარაღი და მიკროავტობუსებით ჩვენ-ჩვენს სახლებში დაგვარიგეს.

საღამო ხანი იქნებოდა სახლში რომ ჩავედი. ჭუჭყიანი, გაბურძგნული (მაშინ ქოჩორი კი მქონდა), მოუწესრიგებელი და სუნიანი (ბუჩქებში ვეყარეთ ხოლმე ძირითადად).

რომ შემომხედა ცხონებულმა ძალიან გაუკვირდა.

მეთქი – „ბაბუ, მოგატყუე, არ ვიყავი ისრაელში. რეზერვში ვიყავი თქო!“

– „მეც არ ვინერვიულე მერე ბაბუ? ვერ მითხარი სიმართლეო?!“

გამიკვირდა. ვიფიქრე ინერვიულა თვითმფრინავი არ ჩამოეგდოთ ოკუპანტებს თქო. – „ბაბუ, თვითმფრინავს როგორ ჩამოაგდებდნენ, მაგას ვერ გაბედავდნენ თქო?!“

– „მაგაზე კი არ მინერვიულია შე მამაძაღლო, იმაზე ვინერვიულე მაგისი ამხანაგები ომში წავიდნენ და ამას ისრაელში რა მიარბენინებს თქო! გეიგეო?!“

მივვარდი და გადავეხვიე ბერიკაცს ☺☺

………………………………………………………

ასეთი ბაბუა მყავდა მე!

ასეთი ბაბუები არიან ამ ქვეყანაში!

ასეთი ბაბუების გაზრდილი შვილიშვილები აუცილებლად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, პარასკევს მანქანას რომ დავქოქავ, შაბათ-კვირას სოხუმში დავისვენებ და ორშაბათს სამსახურში გავალ!

რუსული ოკუპაცია კი ისტორიაში დარჩება მხოლოდ!

საქართველო იქნება მთლიანი და ევროპული ინტეგრაციის სრულუფლებიანი წევრი!

აგერ თქვენ, აგერ მე და ზეციდან მოწმედ ცხონებული ბაბუის სული!” – წერს რაულ აგიკიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები