LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს პარკები სიცოცხლისთვის საშიშია – საყიდლებზე ჩანთებით სიარული მოგიწევთ (გამოკითხვა)

ამ ფერად პარკებს, რომლებიც სურათზე “ლამაზად” გამოიყურება, განვითარებული მსოფლიო ებრძვის, რადგან პოლიეთილენი გარემოს დაბინძურებასთან ერთად, საფრთხეს სიცოცხლესაც უქმნის.

პოლიეთილენის წვის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

2018 წლისთვის ევროკავშირში პოლიეთილენის პარკების გამოყენება ერთ სულ მოსახლეზე 90 ცალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2025 წლისათვის 40 ცალს.

საქართველო ევროკავშირისგანაც და ამ დირექტივისგანაც შორსაა. ამ დროისთვის, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წელიწადში 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკური პარკები აიკძალება.

ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგი ალტერნატივაა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს. თუმცა, რამდენად მარტივად შეიცვლება მომხმარებლის ჩვევა, ჩანთებთან დაკავშირებით და როდის მოხდება პოლიეთილენის პარების სრულად ჩანაცვლება უცნობია.

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

bike tracks

 

ჩვევის შესაცვლელად, ჰიპერმარკეტებმა და მარკეტებმა მომხმარებლების შემზადება უკვე დაიწყეს. კომპანია “კარფური”, “აგროჰაბი”და “გუდვილი” მათ პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებსაც სთავაზობენ.

 

კარფური

აქციები, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, სტენდები, დეკორაციები… “კარფურში” ამბობენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი მომხმარებელმა მარტივად მიიღოს.

“დედამიწის დღემდე ერთი დღით ადრე დავიწყეთ კამპანია #დააფასეგარემო. მიმდებარე ტერიტორიები დავასუფთავეთ, რაშიც მომხმარებელიც ჩაერთო. ყველა მათგანს ვაჩუქეთ მრავალჯერადი მომხმარების ჩანთები, ასევე 21 აპრილს გვქონდა აქცია, ნებისმიერი ბრენდის ჩანთით მოსულ მომხმარებელს ჩვენი ჩანთა ვაჩუქეთ.

ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერს იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩავანაცვლოთ პოლიეთილენის პარკები. ჩვენი დეკორაციები, მოლარეები აწვდიან ინფორმაციას მომხმარებლებს მისი მავნებლობის შესახებ”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” კომპანიაში.

 

აგროჰაბი

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიეთილენის სრულად ჩანაცვლება. ეს ძალიან რთული პროცესია და ხანგრძლივი. ჩვენთან უკვე შესაძლებელია ბრენდირებული ჩანთების შეძენა. გვაქვს სამი ჩანთა, რომელთაგან ერთი თერმულია. ერთიანად მათი ფასი 20 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო დღეებში ჩანთები უფასოდაც რიგდება, თუმცა მომხმარებლები მას ყოველდღიურად არ მოიხმარენ, აუცილებელია ჩვევის ცვლილება.

თუმცა, ეს არ იქნება ძალიან რთული, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, უფროსი თაობა, საყიდლებზე ჩანთებით დადიოდა. ჩვენ უბრალოდ გავიმარტივეთ ცხოვრება და გადავედით ერთჯერადი მოხმარების პარკებზე, რომელიც ვნებს გარემოს”, – განაცხადა “ფორტუნასთან” აგროჰაბის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, ამასთან დაკავშირებით “აგროჰაბს” ბევრი გეგმა და აქცია აქვს ჩანიშნული.

 

გუდვილი

გუდვილში ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით, ამ მხრივ მომხმარებლის ცნობიერება გაზრდილია. ჰიპერმარკეტში, ყოველდღიურობისთვის ბიოდეგრადირებად პარკებს იყენებენ, რომლის გახრწნასაც მხოლოდ 1 წელი სჭირდება. გუდვილში ასევე აქვთ მრავალჯერადი მოხმარების ჩანთები.

“ჩვენ გარემოზე ვზრუნავთ და გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა და ჩანთებისა, გვაქვს სეპარაციის ყუთები. ამით მომხმარებელი ნარჩენების გაცალკევებასა და დახარისხებას ეჩვევა. ახლა ვმუშაობთ იმაზე, მოხმარებაში შემოვიღოთ ქაღალდის პაკეტებიც.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ძალიან უხარიათ, როცა ვეუბნებით, რომ ჩვენი პარკებით გარემოს ნაკლებად ვაზიანებთ, ისინი ითხოვენ კიდეც ამას”, – აღნიშნა “ფორტუნასთან” ინტერვიუში “გუდვილის” წარმომადგენელმა.

იმის გამო, რომ ყველა მარკეტში მსგავსი კამპანია არ მიდის, აუცილებელია პარკების მოხმარების სამართლებრივი რეგულირება.

სახელმწიფოს პოზიცია

გრძელვადიან პროცესებს, რომლებიც ბიზნესისა და მომხმარებლის ჩვევის ცვლილებაზე აისახება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მართავს.

სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით – სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად.

პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების სამართლებრივი რეგულირების (მათ შორის, პლასტიკის პარკების მოხმარების შეზღუდვის) აუცილებლობა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულის საჭიროება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში უაღრესად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილების მიღების შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი, რომელთა სისქეც აღემატება 15 მიკრონს:

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურბეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სახელწოდებით ტექნიკური რეგლამენტი “პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი”, რომელიც განსახილველად წარდგენილია საქართველოს პარტლამენტში.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილების მიღების შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი, რომელთა სისქეც აღემატება 15 მიკრონს; ასევე აკრძალული იქნება ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. მხოლოდ და მხოლოდ დასაშვები იქნება საქართველოს სტანდარტის (სსტ ენ 13432 : 2000/2017 – შესაფუთი მასალა – მოთხოვნები შესაფუთი მასალის მიმართ, რომლის აღდგენა შესაძლებელია კომპოსტირებითა და ბიოდაშლით – გამოცდის სქემა და შეფუთვის საბოლოო შეფასების კრიტერიუმები) მოთხოვნების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი”, – განუცხადეს “ფორტუნას” უწყებაში.

 

საინტერესო ფაქტები:

  • 70-იანი წლებიდან ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება
  •  ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ნაწარმი, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი
  • პოლიეთილენის პარკები არის ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%-ია.

პოლიეთილენი ძალიან ძნელად იხრწნება (მინიმუმ 400 წელი სჭირდება), მისი დაშლის დროს გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია, და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში.

თბილისი, ბუდაპეშტის ქუჩა. 2018 წელი.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები