LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს პრემიერი არის პრო-ბიზნესური, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა: ბიზნესი ღარიბაშვილს შეხვდა

113
ipiccy-image

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, მთავარი, რაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა ისაა, რომ ის პრო-ბიზნესურია. 

„მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა ისაა, რომ ეს პრემიერ-მინისტრი არის პრო -ბიზნესური. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ მოქალაქეებისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა პანდემიის გამო ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ მოტივიც კი მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ პრო-ბიზნესურია, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯან-ღონით სავსე, განათლებული და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ყველა, ვინც კი გამოვიდა, დაახლოებით 15 ადამიანი, ემოციაში იყო. კმაყოფილია იმით, რაც ამ შეხვედრაზე გაიცვალა. ხედვების თანხვედრაა. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს, არ ვიცით. ვიცით ის, რომ საბჭოს შექმნის, ამა თუ იმ მიმართულებებით. კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ უტოპიურ გეგმებზე საუბარი არ იქნება”,- განაცხადა პაპაშვილმა.

საუბარი გვქონდა მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, იყო დაახლოებით 10 პუნქტი; ამ 10 პუნქტის ქვეშ წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, თუ რას ვფიქრობთ თითოეულ პუნქტზე და კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის შევეცადეთ ვყოფილიყავით ობიექტურები, პროფესიულები და აკადემიურები, – ამის შესახებ კი ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკა არის კრიზისში და აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენ ამ თემებზე ღიად ვსაუბრობთ და ყოველთვის ვისაუბრებთ ღიად. პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მიხედავს თითოეულ საკითხს და გვექნება ერთობლივი შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შეხვედრა და რასაკვირველია ამით არ უნდა დამთავრდეს. ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი საწინდარი ქვეყნის წარმატების“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ხაზი გაესვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიზნესისადმი მხარდაჭერა და მზადყოფნა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონალურ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური წინსვლისთვის ფუნდამენტის შექმნის მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მუშავდება, და ამ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრები გაგრძელდეს ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის, განვითარების 10-წლიან გეგმაში მათი ხედვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.

შეხვედრაში ბიზნესასოციაციის წევრები, საფინანსო სექტორისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები