„შიმშილზე დამყარებულ მავნე და არაეფექტურ დიეტებს მეტაბოლიზმის აჩქარება ჯობია!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი, ქეთი ლობჟანიძე წერს
ექიმი ამბობს, რომ მეტაბოლიზმის შენელება ასაკის მატებას უკავშირდება.
სიმპტომები კი დაღლილობა, წონის მატება ან სტაგნაციაა, ასევე მარტივად გაღიზიანებადობაა.
სპეციალისტი საზოგადოებას უზიარებს რჩევებს, თუ როგორ არის შესაძლებელი მეტაბოლიზმის აჩქარება.
„მეტაბოლიზმის დაბუსტვაზე საუბარს დავპირდი ახლობელს და ბარემ აქ გაგიზიარებთ.
ძირითადად ეს საჭიროა წონის კლებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. შიმშილზე დამყარებულ მავნე და არაეფექტურ დიეტებს მეტაბოლიზმის აჩქარება ჯობია!
როგორ მივხვდეთ, რომ მეტაბოლიზმი შენელებულია: ეს მოდის ასაკის მატებასთან ერთად, იოლად დაღლილობა (აქ დეფიციტებიც უნდა გამოირიცხოს), წონის მატება ან სტაგნაცია მცდელობის მიუხედავად, ხდებით მცივანა და გაღიზიანებადი…
მეტაბოლიზმის აჩქარების საშუალებები:
- საკმარისი ჰიდრატაცია წონის, ასაკისა და სეზონის შესაბამისად!
- პროტეინული საკვები, რაც მეტ ენერგიას ითხოვს ასიმილაციისთვის. საუკეთესოა კვერცხი, ქათამი (კანის გარეშე), ინდაური, თევზეული, საქონლის წითელი ხორცი იშვიათად.
- ტკბილის, რძის (კაზეინი), ალკოჰოლის შეზღუდვა/გაიშვიათება და არა აკრძალვა! ნამცხვარსაც გეახლებით, კაპუჩინო ან ლატეც მიყვარს ნამდვილი რძით და არა იმ საძაგელი გემოს მქონე, დამტკბარი მცენარეული გაურკვევლობით, რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ მოვისროლე, თავი შემეცოდა. ღვინოც მოსულა 1-2ჭ კვირაში 1-2-ჯერ, თუ ღვიძლი ჯანსაღი გაქვთ, თუ არა, უნდა შეელიოთ.
- ჯანსაღი ცხიმი- ძირითადად ვიყენებთ ზეითუნის, თევზისაც საჭიროა (ომეგა 3). უნდა შეიზღუდოს მზესუმზირის და სიმინდის ზეთები.
- საუზმე პროტეინული და უჯრედისის შემცველი- კვერცხი, ყველი, ინტეგრალი პური…
- მშრალი ხილი-ნუში, ნიგოზი, თხილი, ჩია, მაჩა, ჯინჯერი, ქინოა, წყალი ლიმონით, კომბოსტო, ბოსტნეულის სალათები ვაშლის ძმრით (ფრთხილად წყლულის/გასტრიტის შემთხვევაში).
- მწვანე ჩაი, ყავა, შავი შოკოლადი.
- სტრესთან გამკლავება- სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია, აშვაგანდა, გვირილას ჩაი, პერსონალური ზრდის პოდკასტებიც დაგეხმარებათ. უძლიერესია „დაკიდების” ხელოვნება, პროვოკაციას და მტრობას ჩემს თავზე უკეთესი ზრუნვით ვპასუხობ, ბოღმა და სიძულვილი არც შემიძლია და არც ჯანმრთელობას შევწირავ! ანუ დღის წესრიგს თქვენ ადგენთ! ერთადერთი პოლიტიკა მინგრევს ჰარმონიას და ამასაც უნდა ვუშველოთ!
- რეგულარული ვარჯიში, მუსკულაციაზე მუშაობა, კუნთი ძილშიც წვავს ენერგიას და გეხმარებათ წონის კლებაში. 30 წუთიანი ინტენსიური ვარჯიში კვირაში სამჯერ. ჩემსავით ნუ იხამებთ, პროგრესულად გაზარდეთ ინტენსივობა და ნუ დაიზიანებთ მყესებს! მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად კარგია გაკაჟება, რაც უფრო დაბალ ტემპერატურას მიეჩვევით, მით უკეთესია ჩვენთვის და პლანეტისთვისაც!
- ძილის მოწესრიგება- 22სთ-დან 4-5საათამდე ვისაც გძინავთ, ზრდის ჰორმონი გაქვთ საკმარისი და შესაბამისად დღეგრძელობა და ხარისხიანი ცხოვრება გექნებათ! რაც მეტ დროს გავატარებთ ბუნებრივ განათებაზე, განსაკუთრებით დილით, მით უკეთესად გამომუშავდება საღამოს მელატონინი, რომლის მტერიც ეკრანია.
- დეფიციტების შევსება- დე ვიტამინის, რკინის…
- კითხვა, დასვენება, თავის განებივრება, სიკეთის კეთება, სხვებზე ზრუნვა და მორალური უპირატესობა თავმდაბლობასთან ერთად, რაც შესაძლებელია, ჩემი მაგალითიც საკმარისია“, – წერს ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში.