საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და დეპუტატებს წარმატება უსურვა.
”ჩვენ განვიხილეთ დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის პირველი რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ იქნება საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, რომელშიც მკაფიოდ არის მოცემული ჩვენი საგარეო კურსის შესახებ და საქართველოს მისწრაფების შესახებ დასავლურ ოჯახში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და შევცვალეთ საარჩევნო სისტემაც. შედეგად, საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, როგორც კონკურენტული და აღნიშნა, რომ ის ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით”.
მან ასევე ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო პროცესში მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
”ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, როდესაც პანდემიის მიუხედავად 2 მლნ-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათ აირჩიეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები. თუმცა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია ის, რომ საქართველოს პარლამენტს ემუშავა. ეს ყოფილიყო თანამშრომლობითი, მრავალპარტიული პარლამენტი. მსურს, ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ. დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ შევთანხმდეთ იმაზე, რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას”.
თალაკვაძემ თანამოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გაკეთებული არჩევანისა, ეს ყველას პარლამენტია. ”განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებსაც ეკუთვნით არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება”.
