2024 წლის დეკემბერში ესპანეთის კონგრესის მიერ საჯარო მართლმსაჯულების სამსახურის ეფექტურობის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ, ქვეყანაში ე.წ. „ოქროს ვიზის“ პროგრამა გაუქმდა. ორგანული კანონი ესპანეთის საკანონმდებლო მაცნეს (Agencia Estatal Boletín Oficial del Estado) მიერ ოფიციალურად 2025 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა. ინვესტიციების სანაცვლოდ „ოქროს ვიზის“, ანუ ბინადრობის ნებართვის გაცემას ესპანეთი 2025 წლის აპრილიდან შეწყვეტს.
ესპანეთში „ოქროს ვიზების“ შესახებ კანონი 2013 წლიდან მოქმედებდა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტორებს და მათი ოჯახის წევრებს ესპანეთში ბინადრობის უფლებას ესპანეთში უძრავ ქონებაში, სულ მცირე, 500 000 ევროს ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში ანიჭებდა. გარდა ამისა, „ოქროს ვიზა“ გაიცემოდა იმ შემთხვევაშიც, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებდა 2 მილიონი ევროს ინვესტიციას ესპანეთის სამთავრობო ფასიან ქაღალდებში ან 1 მილიონის ინვესტიციას რომელიმე ესპანურ კომპანიაში.
„ოქროს ვიზების“ გაუქმების მიზეზად ესპანეთის მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე სპეკულაციების აღმოფხვრის სურვილს ასახელებს.
ესპანური მედიის ცნობით, „ოქროს ვიზები“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ისა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის.