LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესწრება თუ არა თქვენი შვილი გაკვეთილებს, სახლიდან გაუსვლელად შეიტყობთ

51

ელექტრონული ჟურნალი, რომელიც ავტომატურად გამოთვლის მოსწავლის აკადემიური მოსწრებას, სექტემბრიდან 380 სკოლაში ამოქმედდება. ელექტრონული ჟურნალი მოსწავლეების სკოლაში დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონულად მონიტორინგის საშუალებაა როგორც სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის. მშობელს სწორედ ელექტრონული ჟურნალის დახმარებით, საშუალება ექნება ნებისმიერ დროს თვალყური ადევნოს შვილის სწავლების პროცესს და აკონტროლოს მისი გაკვეთილებზე დასწრება.

პროგრამა ისეა მომზადებული, რომ დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს საგნის როგორც წლიურ, ასევე სემესტრულ შეფასებას, საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშებას.

როგორც რადიო „ფორტუნას“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განუცხადა, მასწავლებელი სისტემაში სარგებლობს მხოლოდ აღრიცხვისა და ნიშნის დაწერის უფლებით, მხოლოდ იმ კლასთან, რომელსაც ასწავლის. ასევე მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროგრამა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს წლის ბოლოს მოსწავლის ნიშნების მიხედვით, მისი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს, გამართულია და ცდომილება ნულს უტოლდება. ლია გიგაურის ინფორმაციითვე, ელექტრონული ჟურნალის დასანერგად პროგრამა, 2011–12 წლებში დაიწერა და თავდაპირველად არსებული ხარვეზები დღეისათვის სრულად აღმოფხვრილია.

2013წლიდან 2015 წლამდე, პროგრამა თავიდან 25 სკოლაში, შემდეგ კი დანარჩენ საპილოტე სკოლებში დაინერგა. 2013 წელს პროგრამა გადამუშავდა და თანამედროვე სტანდარტებსა და გამოწვევებს სრულად მოერგო. 2012–13 წლებიდან დღემდე, ელექტრონული ჟურნალის დანერგვა საპილოტე პროგრამის ფარგლებში 36 სკოლაში უკვე წარმატებით განხორციელდა.

ასევე, პროგრამა ავტომატურად უზრუნველყოფს გამოთვალოს მოსწავლის დასწრების მიხედვით, გაცდენების საერთო პროცენტული მაჩვენებელი და დაადგინოს, რომელი კონკრეტული მოსწავლისათვის არის საჭირო ექსტერნად გამოცდების ჩაბარება. ექსტერნად გამოცდის ჩაბარება უწევს მოსწავლეს, რომლის მიერ გაცდენილი საათების მაჩვენებელი მთელი სასწავლო წლის პერიოდში 30%-ია.

მოსწავლის ელექტრონული შეფასება ხანგრძლივი დროით ინახება და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი დაინტერესებული მოსწავლის, მისი მშობლისა თუ მასწავლებლისთვის მისი ნახვა დაინტერესების შემთხვევაში.

დღეისთვის ელექტრონული ჟურნალის დანერგვის სურვილი უკვე 746-სკოლამ გამოთქვა, მათგან 692 საჯარო სკოლაა. ელექტრონული ჟურნალის პროგრამის დანერგვას წინმსწრები ეტაპი იქნება თემატური ტრენინგების ჩატარება მონაწილე სკოლების ადმინისტრაციებისთვის, მასწავლებლებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისათვის.

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მიმდინარე წლის ზაფხულის არდადეგებზე 380 სკოლა გაივლის აუცილებელ ტრენინგებს, შესაბამისად, 2016 წლის სექტემბრიდან სწორედ ამ სკოლებში დაიწყება ელექტრონული ჟურნალის დანერგვა. მეორე სემესტრიდან განხორციელდება სხვა მსურველი სკოლების ჩართვაც, აუცილებელი ტრენინგების გავლის შემდეგ. ამასთან, გარდა იმისა, რომ პროგრამა მზად არის. აუცილებელია ასევე პროგრამაში ჩართული სკოლების სათანადოდ, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აღჭურვა და კომპიუტერული უზრუნველყოფა გამართული მუშაობისთვის.

ელექტრონული ჟურნალის დანერგვა საბოლოოდ, ქვეყნის უმრავლეს სკოლებში, 2016-17 და 2017-18 სასწავლო წლებში დასრულდება. პროგრამის დანერგვა არ იქნება აუცილებელი მხოლოდ იმ რამდენიმე სკოლაში, სადაც გეოგრაფიული მდებარეობა და მეტეოროლოგიური პირობები ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს და თანაც სკოლებში სულ რამდენიმე მოსწავლეა – ეს ძირითადად მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე სკოლას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g