ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას – სოფელსა და ქალაქში ითვალისწინებს და ეს სრულიად ახალ მიდგომაა. მისი თქმით, რეფორმის ე.წ. საგზაო გეგმა, იმ ექსპერტთა ჯგუფის სიღრმისეული ანალიზის შედეგია, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებაზე მუშაობდნენ.
“ეს არის ერთობლივი ჯგუფი, რომლის წევრები გამოცდილი ქართველი ექსპერტები არიან,” – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.
„დღეს ჩვენ დავესწარით პირველადი ჯანდაცვის საბჭოს ისტორიულ სხდომას, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ე.წ. საგზაო გეგმა, რომელიც იმ ექსპერტთა ჯგუფის სიღრმისეული ანალიზის შედეგია, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებაზე მუშაობდნენ. ეს არის ერთობლივი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გამოცდილი ქართველი ექსპერტები. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტებიც. რა თქმა უნდა, მანამდე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაო. მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის გადადგას სათანადო ნაბიჯები და დაიწყოს ეს რეფორმა.
“ეს არ არის უბრალოდ სერვისების ჩამონათვალი, ეს არის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ახალი ფილოსოფია, ვინაიდან ეს რეფორმა სცილდება მხოლოდ პაკეტის გადახედვას. ის ითვალისწინებს სრულიად ახალ მიდგომას, ექთნების როლის გაზრდასა და სერვისების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდა სათანადო ანალიზი, შემუშავდა დეტალური საგზაო გეგმა და დადგა რეფორმის განხორციელების დრო“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა,ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.
„უწყვეტი სამედიცინო დახმარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“,- აცხადებენ სამინისტროში.