LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EU-ს კითხვარის პასუხების გამოქვეყნება მთავრობის გადასაწყვეტია – ჰარცელი

73
521681031

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ  ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თვითშეფასების კითხვარზე პასუხების გასაჯაროება მთავრობის გადასაწყეტია. ამის შესახებ მან დღეს, 3 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„თამაშის წესები ის არის, რომ ევროკავშირი უტოვებს უფლებას მთავრობას, გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა კითხვარი და კითხვარის პასუხები. მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გამოქვეყნების თაობაზე. ახლა მათი გადასაწყვეტია პასუხების გამოქვეყნება“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ელოდება, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს დასკვნას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.

„მერგო პატივი, მიმეღო პრემიერ-მინისტრისგან ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე კითხვარის მეორე ნაწილსაც მივიღებთ. პროცესი კარგად მიდის, უკვე დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სირბილის სპრინტი, რომ ამ პროცესში მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი და ობიექტური შეფასება, რასაც ევროპული კომისია განახორციელებს ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ეს ეხება საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და მთავარ ეკონომიკურ და სხვა კრიტერიუმებს.

რაც შეეხება დროის გრაფიკს, მოლოდინი მაქვს, რომ ევროპული კომისია დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ თვეში წარადგენს,“- აღნიშნა ელჩმა.

საქართველოსა და მოლდოვას 11 აპრილს გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო, მეორე ნაწილის შევსებას კი 13 მაისამდე დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g