„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Europcar Georgia ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს ნერგავს. 3,750,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, საქართველოში პირველად, Europcar Georgia კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს.
მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით, საავტომობილო მომსახურება მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით დაჯავშნონ.
Europcar Georgia საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს – ავტომობილების გაქირავებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას აერთიანებს. კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ამჟამად Europcar Georgia-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, მათ შორის სედანის ტიპის ბიუჯეტური (Toyota, Mazda, Renault და Hyundai) და Volvos და Land Cruiser-ის ტიპის მაღალი კლასის ავტომობილები.
„სატრანსპორტო მომსახურება Europcar Georgia-ს ახალი პროდუქტია, რომლის დანერგვაშიც მნიშვნელოვანი როლი „საქართველოს ბანკმა“ ითამაშა. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით, მოგვეცა შესაძლებლობა, დამატებით 60 მანქანა შეგვეძინა და 70-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. ახალი პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით კომპანიას აღარ უწევს ტაქსების, ავტოპარკის შექმნის, მძღოლების აყვანის, დისპეჩერიზაციისთვის რესურსების მობილიზება და ხარჯების გაწევა. ჩვენი თანამედროვე, ყველაზე მოქნილი, კომფორტული მობილური აპლიკაციები და სისტემა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას.
სამომავლოდ, ვგეგმავთ გავფართოვდეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტი ლოკაცია მოვიცვათ. ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად ინტეგრირებაა. მისი დახმარებით, ვცდილობთ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ მომხმარებლის გამოცდილება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს 100%-ით გავიზარდოთ და კიდევ მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებელს“, – აცხადებს Europcar Georgia-ს დირექტორი, სანდრო საყვარელიძე.
ცნობისთვის, Europcar მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა.