„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, – ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
„საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფინეთი, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას და რომ ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში.
„ფინეთი, როგორც ეუთო-ს 2025 წლის თავმჯდომარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში ხაზგასმული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
