ევროპის წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა გამოვიდა. Fire – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ამერიკულმა პოპ როკ ბენდმა – OneRepublic, იტალიურ ელექტრონულ ტრიოსთან – MEDUZA და გერმანელ მომღერალთან – Leony ერთად ჩაწერა. კომპოზიციის ავტორი ჯგუფის ვოკალისტი – რაიან ტედერია.
არტისტები სიმღერას 14 ივლისს, ბერლინში, ევრო 2024-ის დახურვის ცერემონიაზე შეასრულებენ.
უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ოთხ წელიწადში ერთხელ ახალი ოფიციალური სიმღერა აქვს. UEFA EURO 2020-ის ოფიციალური სიმღერა – We Are the People იყო, რომელიც ჰოლანდიელმა დიჯეიმ, მარტინ გარიქსმა ირლანდიური როკ ბენდის – U2 ვოკალისტ, ბონოსთან და გიტარისტ, the Edge-თან ერთად წარადგინა.