ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხადებით, ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტისას გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1,2 მილიარდ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ რთულ ვითარებაში, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.
„ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა. ევროკავშირმა უკვე გაუწია მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას, როგორც ქვეყნის მდგრადობისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, ასევე კონკრეტულად COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად. 2014 წლიდან ევროკავშირმა და ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ქვეყანას 17 მილიარდ ევროზე მეტი გრანტი და სესხი გამოუყო.
დღეს ვაცხადებ ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს, როგორც გადაუდებელი სესხების, ასევე გრანტების სახით. პირველი, კომისია სთავაზობს ახალ გადაუდებელ მაკროფინანსური დახმარების პაკეტს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტისგან გამოწვეული ფინანსური საჭიროებების მოგვარებაში. იმედი გვაქვს, რომ საბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ ამ საგანგებო პაკეტს რაც შეიძლება მალე,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა და ევროკავშირი მის გვერდით დგომას გააგრძელებს.