LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში „იდეების აუქციონი“ იმართება

612
იდეების აუქციონი

12 დეკემბერს, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „იდეების აუქციონი“ გაიმართება. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

„იდეების აუქციონი“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სახალხო დაფინანსების ცნობილი მეთოდია, რომელიც საინიციატივო ჯგუფებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენასა და რესურსების ცოცხალ რეჟიმში შეგროვებაში ეხმარება.

ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ აუქციონისთვის შერჩეულ პროექტებს, დასვან კითხვები და გაიღონ დონაცია მათთვის საინტერესო ინიციატივებისთვის. ორგანიზაციები, საკუთარი პროექტების დადებითად წარმოჩენის შემთხვევაში, აუდიტორიისგან მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ქრაუდფანდინგის“ ანუ სახალხო დაფინანსების პრაქტიკა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, შესაბამისად, მასში სულ უფრო მეტი ადამიანი, ჯგუფი, თუ ორგანიზაცია ერთვება. აქტიურად ფუნქციონირებს რამდენიმე ონლაინ პლატფორმაც, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება სხვადასხვა სოციალურ თუ გარემოსდაცვით პროექტებს აფინანსებს.“ – აცხადებს CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ეკა ურუშაძე.

წლევანდელ აუქციონზე, აუდიტორიის წინაშე სამი გუნდი წარდგება: კავკასიის ონკოსაზოგადობა „ჰოუფი“ პროექტით „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“; ორგანიზაცია „გზა მშვიდობისკენ“ პროექტით – „უსაზღვრო საზღვრის მცველები“ და საინიციატივო ჯგუფი „ამო მეოთხეზე“ პროექტით – „ხელოვნება – ის, რაც გვაერთიანებს“.

გასულ წელს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, იდეების აუქციონი პირველად ჩატარდა და წარმოდგენილმა პროექტებმა დაგეგმილი 15 000 ლარის ნაცვლად 20 900 ლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს.

აუქციონის იდეების მოკლე აღწერა იხილეთ ვრცლად – აქ.

ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ:

აუქციონი ტარდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) შეიქმნა 1995 წელს და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თემის განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია, ადგილობრივი ლიდერების საინიციატივო ჯგუფების შექმნა/გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზება, თემის განვითარებაში ქალების ჩართულობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ლიდერებად ჩამოყალიბება.