LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ბორელმა ზურაბიშვილთან საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა აღნიშნა და დაარწმუნა, რომ თანამშრომლობა გააქტიურდება

239
ზურაბიშვილი და ბორელი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე–პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და დაარწმუნა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ ევროკავშირი მზად არის, გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

წარმომადგენლობის ცნობით, უმაღლესმა წარმომადგენელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს.

„მათ რეგიონის უსაფრთხოებაზე ამ მოვლენების ზეგავლენა და ასევე რუსეთის აგრესიის მიერ პროვოცირებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.