ევროკომისიამ პირველად დაამტკიცა ჯარიმა „ციფრული მომსახურებების კანონმდებლობის“ (DSA) დარღვევისთვის. ბრიუსელმა სოციალური ქსელი X დაადანაშაულა წესების უგულებელყოფაში და 120 მილიონი ევროს ოდენობის სანქცია დააკისრა. კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 90 დღე აქვს.
ევროკომისია აცხადებს, რომ მიუხედავად თეთრი სახლის მხრიდან მუქარისა, ევროკავშირმა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია DSA–ს ფარგლებში პირველად დააჯარიმა. 5 დეკემბერს, ევროკომისიამ მილიარდერ ილონ მასკის მფლობელობაში არსებული სერვისი X – რეკლამისა და მომხმარებლების ანგარიშების არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო კანონდამრღვევად ცნო. სიახლის შესახებ BBC წერს.
ევროკომისიის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი, ჰენა ვირკუნენი, განმარტავს:
„ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ჩვენი ციფრული კანონმდებლობის შესრულება.“
ევროკომისიის მტკიცებით, X-ი არაადეკვატურად ქმნის და იყენებს ვერიფიცირებული („ლურჯი ნიშნით“) ანგარიშების ინტერფეისს, რის გამოც მომხმარებლებს შეიძლება გაუჩნდეთ ეჭვი პროფილების ნამდვილობასა და გამოქვეყნებული კონტენტის სანდოობაზე.
გარდა ამისა, კომისიის განცხადებით, X-ი არ ასრულებს რეკლამის გამჭვირვალობის მოთხოვნებს და არ აწვდის რეგულატორებს საჯარო მონაცემებზე სრულ წვდომას.

ევროკომისიამ X-ს მისცა:
60 დღე ვერიფიკაციის ნიშნების პრობლემების გამოსასწორებლად;
90 დღე რეკლამის გამჭვირვალობისა და მონაცემებზე ხელმისაწვდომობის საკითხების მოსაგვარებლად.
X-ის მიმართ გამოძიება 2023 წელს დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ევროკომისიამ უკვე აღნიშნა, რომ ქსელი არღვევს DSA-ს რამდენიმე მუხლს. ევროკავშირში მასკის ქსელის წინააღმდეგ სხვა გამოძიებაც მიმდინარეობს, მათ შორის პლატფორმაზე უკანონო კონტენტის გავრცელების თაობაზე.
აშშ-ის რეაქცია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებზე „უსაფუძვლო თავდასხმაში“დაადანაშაულა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან X-ში დაწერა, რომ პლატფორმა ისჯება იმის გამო, რომ „ცენზურით არ არის დაკავებული“. „ევროკავშირმა უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება და არა – დაესხას თავს ამერიკულ კომპანიებს სისულელეების გამო,“ – აღნიშნა ვანსმა.

ევროკომისარმა ვირკუნენმა ეს ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ჯარიმა იყო პროპორციული და „არავითარ კავშირში არ არის ცენზურასთან“. ევროკავშირმა იხელმძღვანელა დარღვევების სერიოზულობით და მათი გავლენით მომხმარებლებზე.
წარსულში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროკავშირის ციფრული კანონები არაერთხელ გაუკრიტიკებია. თეთრი სახლი იმუქრებოდა იმპორტის ახალი ტარიფებით იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა კანონებიც ამერიკულ კომპანიებს აზიანებდა. მუქარის მიუხედავად, ევროკავშირი ყოველთვის აცხადებდა, რომ საკუთარ წესებს ბოლომდე დაიცავს.
