პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტარების მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები მიანიშნებს, რომ „სააკაშვილის ჩამოსვლა დესტაბილიზაციის წყარო იქნება“, თუმცა, როგორც იოსელიანი აღნიშნავს ამაზე „დიდი დარდი არ მოგვიწევს, რადგან ისევე არ ჩამოვა სააკაშვილი, როგორც 18-ჯერ არ ჩამოვიდა“.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ცალსახად მიანიშნეს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება დესტაბილიზაციის ერთ-ერთი წყარო, თუმცა ამაზე დიდი დარდი არ მოგვიწევს, რადგან საქართველოში არ ჩამოვა და ეს ყველაფერი არის წინასწარ ატეხილი აჟიოტაჟი.
როგორც 18-ჯერ არ ჩამოვიდა, ისე არ ჩამოვა. ბილეთის ჯავშანიც და ეს ყველაფერი ემსახურება წინასაარჩევნოდ სიტუაციის უფრო დაძაბვას, პოლარიზებას და მომხრეების გაგულიანებას. სინამდვილეში, საპირისპიროს აკეთებს, ახდენს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კონსოლიდაციას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ საქართველოში არ ჩამოვა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.