LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ყველა ახალი ავტომობილი ალკოჰოლ-ბლოკატორით იქნება აღჭურვილი

110
ქირიას NEWS შაბლონი (3)

2026 წლის ივლისიდან ევროკავშირში რეგისტრირებული ყველა ახალი ავტომობილი ტექნიკურად მზად უნდა იყოს სპეციალური ალკოჰოლ-ბლოკატორის (Alcolock) დასამონტაჟებლად – მოწყობილობის, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს ავტომობილის დაქოქვის საშუალებას არ მისცემს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი წესი არ ნიშნავს ყველა მძღოლის სავალდებულო შემოწმებას ყოველი მგზავრობის წინ. მოთხოვნა ეხება მხოლოდ ავტომობილის კონსტრუქციას: ყველა ახალ მანქანაში უნდა იყოს სტანდარტული ინტერფეისი, რომლის მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში ალკოჰოლ-ბლოკატორის სწრაფად მიერთება იქნება შესაძლებელი.

როგორ მუშაობს სისტემა? ძრავის გაშვებამდე მძღოლი სპეციალურ მოწყობილობაში სუნთქავს, რომელიც სისხლში ალკოჰოლის სავარაუდო დონეს აფასებს. თუ მაჩვენებელი დასაშვებ ზღვარს აღემატება, ავტომობილი დაბლოკილი რჩება და ძრავა არ ირთვება.

ეს მოთხოვნა ევროკავშირის საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია. ბოლო წლებში ახალ ავტომობილებში სულ უფრო მეტი დამხმარე ტექნოლოგია ინერგება, რომლებიც მძღოლის ქცევას აკონტროლებს და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. მაგალითად, 2026 წლიდან ევროკავშირში გაყიდული ახალი ავტომობილები უკვე ვალდებულნი არიან მძღოლი გამოაფხიზლონ, თუკი მას ყურადღება გაეფანტება.

ახალი რეგულაციები ევროკავშირის გრძელვადიანი პროგრამის – Vision Zero-ს ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის მთავარი მიზანია, რომ 2050 წლისთვის ევროპის გზებზე ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ნულამდე შემცირდეს.

ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირის ქვეყნებში უკვე გამკაცრდა მართვის მოწმობის მიღების პროცედურები, ხოლო მომავალში უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ უფრო გაფართოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები