LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა კითხვარის შეფასება სამივე ქვეყნისთვის. სანამ მილიონ რამეს იტყვიან, უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა არის შემდეგი“- რას წერს სერგი კაპანაძე ევროკომისიის ანგარიშზე

122
სერგი კაპანაძე

ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს.

როგორც კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის ტექნიკური პროგრესი საკმარისი არ არის:

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა კითხვარის შეფასება სამივე ქვეყნისთვის. სანამ დღეს და ხვალ სამთავრობო პროპაგანდა ამოიქოქება და მილიონ რამეს იტყვიან, უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობა არის შემდეგი:

– ნამდვილად, საქართველო ცოტათი წინ არის ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. უფრო კონკრეტულად, 32 თავიდან ყველაზე მეტი ვერდიქტი “მზადყოფნის ადრეული დონე” აქვს მოლდოვას (12), შემდეგ უკრაინას (8 ), და შემდეგ ჩვენ (6). ანუ, სადაც ყველაზე მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ყველაზე ცოტა ეგეთი სფერო ჩვენთან არის.

– ნამდვილად, სადაც “მზადყოფნის გარკვეული დონე” ვერდიქტი აქვს ევროკომისიას, მაგ თავებში ყველაზე მეტი თავი გვაქვს ჩვენ და მოლდოვას (17), შემდეგ მოდის უკრაინა (15).

– ნამდვილად, სადაც “მზადყოფნის საშუალო დონე” აქვს შეფასებული ევროკომისიას, მაგ თავებში პირველზე ვართ ჩვენ (9 თავი), მეორეზეა უკრაინა (5 თავი), ხოლო მესამეზე მოლდოვა (3 თავი).

– ხოლო ისეთი თავები, სადაც “მზადყოფნის კარგი დონეა” ვერდიქტი, აქვს მხოლოდ უკრაინას (4). ჩვენ და მოლდოვას არც ერთ არ გვაქვს მწვანედ შეფასებული.

სხვათა შორის, ერთ-ერთ წინა სამუშაო ვერსიაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მზადყოფნა ჩვენთან შეფასებული იყო “კარგი დონით”, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინაზე ჩვენი პოზიციონირების გამო შეგვიმცირეს შეფასება.

ახლა რაც შეეხება მთავარს. ეს თავები არ ეხება ე.წ. ფუნდამენტურ უფლებებს, fundamentals. კერძოდ, ისეთ თემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დემოკრატიასთან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებთან. ამ თავებზე ევროკომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა შარშან (12 პირობა).

შესაბამისად, ამ მოხსენებაშიც ნახსენებია, რომ ეს ფუნდამენტური საკითხები ამ მოხსენებაში არ შეფასებულა. ამიტომ, ტყუილია ის განცხადებები, რომ ე.წ. „ფუნდამენტურ საკითხებზე“ ამ მოხსენებაში ჩანს, რომ მოლდოვაზე წინ ვართ.

საბოლოოდ კი დასკვნა არის მარტივი. სასტარტო პოზიცია საკანონმდებლო და რეგულატორული ჩარჩოების კუთხით გვაქვს მართლაც კარგი. ეს არის ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ვიზა ლიბერალიზაციის შედეგი.

სამწუხარო ის არის, რომ ამ სასტარტო პირობების მიუხედავად, შარშან კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ და თუ ის 12 პირობა არ შევასრულეთ, ვერც წელს მივიღებთ.

ტექნიკური პროგრესი კი საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის“, – წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს ეფუძნება და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად.

ამავე თემაზე:

ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა.. მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ

პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს

პრემიერი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

კობახიძე: დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც ივნისიდან ვამტკიცებდით – საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები