LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიამ ლუქს ბრენდებს მილიონობით ევროს ჯარიმა დააკისრა

107
gucci-tienda-exterior-multa-comision-europea-1200

ევროკომისიამ დააჯარიმა ისეთი ცნობილი მოდის სახლები, როგორებიც არიან Gucci, Chloé და Loewe, ჯამში თითქმის 160 მილიონი ევროს ოდენობით. ბრენდებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი დამოუკიდებელ მაღაზიებს ფასის განსაზღვრის პოლიტიკას უკანონოდ უზღუდავდნენ.

ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბრენდები ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ, რა პირობებით უნდა გაეყიდათ მაღაზიებს მათი პროდუქცია. კომპანიები ადგენდნენ ფასდაკლებების მაქსიმალურ ზღვარს, განსაზღვრავდნენ ფასდაკლების პერიოდებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სრულად უკრძალავდნენ მაღაზიებს ფასის შემცირებას ჩანთებზე, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.

ყველაზე დიდი – 120 მილიონი ევროს ჯარიმა დაეკისრა იტალიურ ბრენდ Gucci-ს (რომელიც ფრანგულ ჰოლდინგ Kering-ს ეკუთვნის).

ფრანგულ მოდის სახლს Chloé დაეკისრა 20 მილიონი ევროს, ხოლო ესპანურ ბრენდ Loewe-ს – 18 მილიონი ევროს ჯარიმა. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ჯარიმების საბოლოო ოდენობა შემცირდა კომპანიების თანამშრომლობის სურვილის გამო, რომელიც მათ გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე ბრენდი დამოუკიდებლად მოქმედებდა, ისინი კონკურენციის შეზღუდვის ერთნაირ მეთოდებს იყენებდნენ. რეგულატორის შეფასებით, ასეთი ქცევა ართმევდა მომხმარებლებს თავისუფალი ფასის არჩევის უფლებას და არღვევდა სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები