LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ისტორიაში ბრუნდება

155
AdobeStock_kirill_makarov

ევროპა მრავალი წლის განმავლობაში ძირითადად ეკონომიკური საკითხებით იყო დაკავებული და უსაფრთხოების საკითხს მთლიანად აშშ-ს უთმობდა. Foreign Policy წერს, რომ ეს შეცდომა იყო, რის საფასურსაც კონტინენტი ახლა იხდის.

ევროკავშირი სწრაფად გადაიქცა ეკონომიკაზე სადისკუსიო კლუბიდან სამხედრო მოთამაშედ.

1962 წლის ოქტომბერში, როდესაც კარიბის კრიზისი* მძვინვარებდა, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრმა (ევროკავშირის წინამორბედი გახლდათ) ექვსი ქვეყნის მინისტრებმა, რამდენჯერმე ჩაატარეს სხდომა. მაშინ სამყარო ბირთვული კატასტროფის ზღვარზე იყო. ევროპული პრესა განგაშით წერდა „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიშ კრიზისზე“. ისტორიკოსმა კირან კლაუს პატელმა, რომელიც ამ საკითხს წიგნის „პროექტი ევროპა“ წერის დროს სწავლობდა, აღმოაჩინა, რომ 9-10 ოქტომბრის სხდომაზე მინისტრები ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის წესებზე საუბრობდნენ. 22-23 ოქტომბრის შეკრებაზე კი საერთო ბიუჯეტზე მსჯელობდნენ, მათ შორის გაცვლით კურსზე.

რა თქმა უნდა, 1962 წელს მინისტრები სავარაუდოდ განიხილავდნენ კარიბის კრიზისს კულუარებში და არა ოფიციალურ სხდომებზე. ყველა, ექვსივე ქვეყანა ნატოს წევრი იყო, რომელსაც უნდა დაეცვა ევროპა ესკალაციის შემთხვევაში. ყველას ესმოდა, რომ თუ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთვული კონფრონტაცია წარმოიქმნებოდა, ევროპა ბრძოლის ველად იქცეოდა. თუმცა ოფიციალურ დღის წესრიგში არ იძებნება არცერთი ოფიციალური კვალი გეოპოლიტიკისა და კუბის საკითხებზე.

იმ ნერვულ ოქტომბრის დღეებში კუბაზე საბჭოთა ბირთვული რაკეტებით თეთრი სახლი იყო დაკავებული. ის აანალიზებდა რამდენი რაკეტა იყო განთავსებული, რამდენი იგზავნებოდა კუნძულზე და როგორ შეეშალათ ხელი მიწოდებისთვის. ამასთან, ვაშინგტონი ევროპელებთან კონსულტაციებს თითქმის არ გადიოდა.

ევროპა გარკვეულწილად დღემდეა დამოკიდებული აშშ-ზე უსაფრთხოების საკითხებში. ნატოს ვილნიუსის სამიტზე ვაშინგტონმა ალიანსში უკრაინის მიღებაზე შეშფოთება გამოთქვა იმის საწინააღმდეგოდ, რომ იყო მოწოდებები კიევისთვის გაწევრიანების ზუსტი თარიღი ეთქვათ (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები აქტიურობდნენ).
თუმცა ისიც შესამჩნევია თუ როგორ შეიცვალა ვითარება 1962 წლის შემდეგ. ივნისის ბოლოს ბრიუსელში შეხვედრისას ხილ-ბოსტნეულზე აღარ უსაუბრიათ, თითქმის მთელი დღის წესრიგი მიეძღვნა საგარეო სტრატეგიულ საკითხებს, უპირატესად უსაფრთხოების პრობლემებს. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებაზე, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაზე ახალი წევრების მიღებით, თავდაცვის სფეროს განვითარებაზე, ევროპის საზღვრების უფრო ეფექტიან კონტროლზე და ა.შ.

ევროპა, რომელიც უბრალოდ მაყურებელი იყო და თვალს ადევნებდა ძალაუფლებისთვის გლობალურ ბრძოლას, დიდწილად უკვე მონაწილე ხდება.

1950-იან წლებში დასავლეთ ევროპა განერიდა ძალისმიერ პოლიტიკას საერთაშორისო ასპარეზზე. ორი დამანგრეველი მსოფლიო ომიდან გამოსული კონტინენტი საშინაო საქმეებზე გადაერთო. ძირითადად ეს ნიშნავდა მშვიდობას მტრულად განწყობილ და ომების გამჩაღებელ საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მათ დაიწყეს ერთობლივი პოლიტიკის გატარება სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სოციალურ სფეროში. სანამ შეერთებული შტატები დასავლეთის კოლექტიური უსაფრთხოების თავდაცვით იყო დაკავებული, ევროპელები ცდილობდნენ ძალოვანი პოლიტიკის შესუსტებას, ეკონომიკის აღდგენას და ზოგადად უკეთესები გამხდარიყვნენ. როგორც ერთხელ საფრანგეთის პარლამენტის ცენტრისტმა დეპუტატმა ჟან-ლუი ბურლანჟემ აღნიშნა, ევროპა გარკვეულწილად „გავიდა ისტორიიდან“.

როდესაც უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ეს ეტაპი დასრულდა. დღეს ევროპა კვლავ ერთვება ისტორიაში. ისევ არსებობს რისკი, რომ ბრძოლის ველად გადაიქცეს. ბევრი ევროპული ქვეყანა თავდაცვით პოტენციალს აძლიერებს. დღეს, როდესაც ომი ზედ ევროპის ზღვარზეა, პრობლემების დეპოლიტიზაცია საშიში ხდება. ბოლო დროს ევროპაში დასრულდა „სათნოების ეპოქა“, როგორც ეს კარნეგის ევროპული ცენტრის წარმომადგენელმა შტეფან ლენემ დაწერა.

დღეს ევროპა აქტიურად უწევს სამხედრო დახმარებას უკრაინას. ბრიუსელი ყიდულობს იარაღს 27 წევრი-ქვეყნის სახელით. ფინანსურად ეხმარება ევროკავშირის იმ წევრებს, რომლებიც კიევს სამხედრო ტექნიკას აწვდიან.

ზოგს მიაჩნია, რომ ევროპა მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც გადაუდებელი პრობლემები ჩნდება და რომ იშვიათად იჩენს ინიციატივას და ძირითადად მოვლენებზე რეაგირებს. ასე იყო, როდესაც ვაქცინას ყიდულობდა, ევროზონის გადარჩენის ფონდს ქმნიდა, აწესებდა მეთვალყურეობას ევროპის საბანკო სისტემაზე, თურქეთთან გარიგებას დებდა ლტოლვილების საკითხზე და საპასუხოდ მოქმედებდა რუსეთის აგრესიაზე. მეორე – ევროკავშირის წევრებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ, საჭიროა კოლექტიური მოქმედებები. როგორც ირლანდიელი პოლიტოლოგი ბრიჯიტ ლაფანი ამბობს, კრიზისი იმდენად ხშირად ხდება, რომ ევროპელებმა მათთან გამკლავება ისწავლეს. მისი თქმით, ამ რთულ ვითარებაში იბადება „ევროპის კოლექტიური სახელმწიფო“.

ევროინტეგრაცია ბევრს ჯერაც შთააგონებს. ამის დასტურია ის, რომ კიდევ არაერთ ქვეყანას სურს მას შეუერთდეს (მათ შორის აქართველოს), მეტი ნდობაა ამ გაერთიანების მიმართ. ხოლო წევრი ქვეყნები უფრო მეტ ძალასა და სახსრებს არ იშურებენ. ახლა მიზანია ევროკავშირი კიდევ უფრო დაცული და მძლავრი გახადონ, ერთობლივი ძალისხმევით მისი გეოპოლიტიკური პოტენციალი გაზარდონ.
ევროპამ დიდი გზა გამოიარა და გასავლელი ჯერ კიდევ საკმარისად ბევრია…

*კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი). 1962 წლის ოქტომბერში იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ზესახელმწიფო – აშშ და სსრკ – ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g