“ყველანაირი გარემოების მიუხედავად, ყველა სამხედრო ტყვე უნდა გათავისუფლდეს და სახლში დაბრუნდეს,” – ერთი კვირის წინ ამის შესახებ ევროკავშირში განაცხადეს, ერთი კვირის შემდეგ კი, 120-ზე მეტი ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს, გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე – სომეხი ტყვეების განთავისუფლების მიზნით.
“ყველა ყველაზე” – სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეების გაცვლა დაიწყეს
წერილის ხელმომწერი დეპუტატები ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართავენ და მოუწოდებენ, ყველა ღონე იხმარონ, აზერბაიჯანს საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა მოსთხოვონ, რათა ოფიციალურმა ბაქომ გასულ წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დატყვევებული მებრძოლები გაათავისუფლოს.
“ჩვენ გთხოვთ, იმოქმედოთ და მოითხოვოთ სომეხი სამხედრო ტყვეების სახლში დაბრუნება. გამოიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მოითხოვეთ აზერბაიჯანისგან საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.” – წერია მიმართვაში.
ევროპარლამენატრები აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში დარჩენილი სამხედრო ტყვეების რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რადგან აზერბაიჯანული მხარე თანამშრომლობაზე უარს ამბობს, თუმცა აცხადეებნ, რომ ტყვეებს შორის არის 72 პირი, რომლების დაკავებასაც აზერბაიჯანი ადასტურებს, 112 ადამიანი, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე აზერბაიჯანი უარს ამბობს და ასევე 61 პირი, რომელთა დაკავებასაც ბაქო უარყოფს, თუმცა მტკიცებულებები სხვა რამეზე მეტყველებს.
ამ დროისთვის, აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ ყველა სამხედრო ტყვე დააბრუნა, თუმცა აღიარებს, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კვლავ განახლებული შეტაკებების შედეგად, ტყვედ ჩავარდნილები ჰყავს.
ბაქოს მტკიცებით, მათ გათავისუფლებას არ ითვალისწინებს რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება და ისინი არიან “ტერორისტ-დივერსანტები”, რომლებიც სასამართლო პროცესზე უნდა წარდგნენ.