ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც ამარტივებს ევროკავშირის მხრიდან ვიზა-განმათავისუფლებელი რეჟიმის შეჩერებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების რისკებს ქმნიან ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.
კანონმდებლობა პლენარულ სხდომაზე 518 ხმით 96 წინააღმდეგ დამტკიცდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. ის ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ.
დღეს გამართულ კენჭისყრაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს ევროკავშირის ვიზის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელიც შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომლის მოქალაქეებსაც ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურონ – 90 დღემდე ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას კონკრეტული ქვეყნის მიმართ დროებით აღადგინოს ვიზის მოთხოვნა უსაფრთხოების შეშფოთების შემთხვევაში – თავდაპირველად დროებით, გამოძიებისა და დიალოგის პერიოდში, ხოლო შემდგომში, მუდმივად, თუ პრობლემები არ აღმოიფხვრება.
არსებული საფუძვლებია შიდა უსაფრთხოების საფრთხეები (მაგალითად, დანაშაულის მატება ამ ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან) და თავშესაფრის უარყოფილი განცხადებების, საზღვარზე შეწყვეტილი შესვლების ან ვიზის ვადის გადაცილებით დარჩენილთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.
„საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების ზრდას) და თავშესაფრის წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას. რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.
კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.