ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხის განხილვა დაიწყო. როგორც დეპუტატი თამარ კორძაია „ფეისბუქზე“ წერს, სხდომას ესწრებოდნენ ასოცირების კომიტეტის წევრები და საქართველოს მინისტრები.
„ამ სხდომაზე ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ვიზა-ლიბერალიზაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლის, მარია გაბრიელის, შესავალი სიტყვა იყო ძალზე პოზიტიური, ასევე, მან 2 საკითხის დაზუსტება სთხოვა მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლებს: ა) რამდენ ადამიანს ეთქვა საქართველოდან ვიზის მიღებაზე უარი და ბ) როგორ მიდის საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა. მინისტრთა კომიტეტის წარმომადგენლმა იქვე გასცეს დამაჯერებელი პასუხი, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს არც ერთ საკითხში არ აქვს ხარვეზი. ვიზის გაცემაზე უარის სტატისტიკა ჯდება საერთოდ სხვა ქვეყნების მაჩვენებლებში, ხოლო მიგრაციასთან დაკავშირებით პოზიტიურად შეფასდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა. დღევანდელი კომიტეტის შემდეგ, მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა უნდა მოამზადოს წერილობითი მოხსენება კომიტეტისთვის, რაც ასევე, პროცედურებთანაა დაკავშირებული, ვადა მოხსენების მომზადებისა და წარდგენის განსაზღვრული არ არის. ვართ მოვლენების პოზიტიურად განვითარების მოლოდინში, დღევანდელი დღე ამის საფუძველს გვაძლევს!“ – წერს კორძაია.
