ევროპაში უცნობმა პირებმა მოიპარეს სატვირთო, რომელსაც 12 ტონა KitKat-ის შოკოლადი იტალიიდან პოლონეთში გადაჰქონდა. ამის შესახებ The New York Times წერს.
გატაცებულ სატვირთოში სულ 413 793 ერთეული ახალი სერიის შოკოლადი იყო. ტვირთი ქარხნიდან ლოგისტიკურ ცენტრში გადაჰქონდათ, ხოლო მარშრუტი დაახლოებით 1 200–1 300 კილომეტრს მოიცავდა. კომპანია Nestlé-მ დაადასტურა, რომ სატვირთო მართლაც მოიპარეს. ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გატაცებული პროდუქცია სპეციალური სერიის ნაწილი იყო – Formula 1-თან თანამშრომლობის ფარგლებში. ვარაუდობენ, რომ პარტიაში შედიოდა თემატური სიახლეები, მათ შორის შოკოლადის „ბოლიდი“ და Chunky ვერსიები ჩემპიონატის ლოგოთი.

კომპანია შემთხვევას იუმორითაც გამოეხმაურა:
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ადამიანებმა KitKat-თან ერთად „შესვენება“ უნდა აიღონ, მაგრამ, როგორც ჩანს, მძარცველებმა ეს სიტყვასიტყვით გაიგეს და 12 ტონაზე მეტი შოკოლადით „გაიქცნენ“,“ – განაცხადეს ბრენდის წარმომადგენლებმა.
გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ქურდობები სულ უფრო დახვეწილი ხდება და შემთხვევის გახმაურება სწორედ ამ პრობლემაზე ყურადღების მისაქცევად გადაწყვიტეს.
მოპარული პროდუქციის კვალის დასადგენად თითოეულ შეფუთვაზე არსებულ უნიკალურ კოდებს გამოიყენებენ – თუ შოკოლადი ბაზარზე გამოჩნდება, მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება.