ევროპელთა დიდი ნაწილი ელექტრო სკუტერს საშიშ ტრანსპორტად თვლის. უფრო ზუსტად კი ევროპელთა 43%–ის აზრით, სკუტერი სრულფასოვან საქალაქო ტრანსპორტად არ უნდა მიიჩნეოდეს, რადგან ის მძღოლებისა თუ გარშემომყოფებისთვის უსაფრთხო ნამდვილად არ არის.
ყველაზე ხშირად ევროპელები ქვეითთა უსაფრთხოებაზე დარდობენ. ევროპის 16 ქვეყანაში ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ფაქტის გამო სკუტერი სრულფასოვანი საქალაქო ტრანსპორტი ვერ გახდება. მაგალითად, შვედეთში მოსახლეობის 75% თვლის რომ ისინი ვინც ელექტროსკუტერით გადაადგილდებიან, ფეხითმოსიარულეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ნიდერლანდებში ასეთ აზრს მოსახლეობის 66% იზიარებს, დანიასა და საფრანგეთში კი 56%.
კიდევ 4 ევროპულ ქვეყანაში სკუტერის მძღოლის ბედი ადარდებთ. კვიპროსზე ეს პრობლემა გამოკითხულთა 71%–მა ახსენა, საბერძნეთში – 63%–მა, მალტაზე – 55%–მა, ირლანდიაში 37%–მა. დარჩენილ 7 ქვეყანაში კი მთავარ სირთულედ ინფრასტრუქტურას თვლიან.
ასეთი დასკვნა სააგენტო „ევრობარომეტრმა“ 30 ათასამდე ევროპელის გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა.
ევროპელებს არ მოსწონთ ის ფაქტიც, რომ ელექტრო სკუტერებისთვის საგზაო მოძრაობის წესები არ არის კარგად ჩამოყალიბებული. სკუტერის გამოყენება შეუძლია ყველას, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მართვის მოწმობა ან რაიმე სახის გამოცდილება.