ევროპელთა ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ ნათქვამია ევრობარომეტრის ახალ გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ევროკავშირის 27 ქვეყნის თითქმის 26 ათასმა მოქალაქემ მიიღო.
ევროპელთა 78% დარწმუნებულია, რომ ციფრულ უნარებს სკოლაში ისეთივე ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც კითხვას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ყოველი 10 გამოკითხულიდან 9 მხარს უჭერს ციფრული უნარების სასკოლო პროგრამაში ჩართვას ყველა კლასისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა (92%) თანხმდება, რომ სწორედ სკოლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს, როგორ გაუმკლავდნენ ციფრული ტექნოლოგიების ნეგატიურ შედეგებს. საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:
- ინტერნეტდამოკიდებულება;
- ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის დიდი რაოდენობა;
- სიმართლისა და სიცრუის გარჩევის უუნარობა;
- ხელოვნური ინტელექტის (AI) არასწორად გამოყენების რისკები და შესაბამისი უნარების ნაკლებობა.
ევროპელთა 87% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასკოლო პროგრამაში აუცილებელია, თუმცა მხოლოდ იმ AI სისტემების შემთხვევაში, რომლებიც სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არის შემუშავებული.
გამოკითხულთა ნახევარი ფიქრობს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სტანდარტების დადგენაში – მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დაცვის სფეროში.
ევროკავშირმა ციფრული განათლება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. უკვე მიღებულია ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა (Digital Education Action Plan) ევროპული სასწავლო დაწესებულებებისთვის, ასევე გამოცემულია მასწავლებელთა სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ციფრული წიგნიერების გაუმჯობესებას.