LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ცნობილი გაზაფხულის ფესტივალები – „ბონ ვოიაჟი“

124
ევროპის-ცნობილი-გაზაფხულის-ფესტივალები

გაზაფხული გვიახლოვდება და ფერად და თბილ გარემოში მოგზაურობა უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება. განსაკუთრებულად პოპულარულია გაზაფხულის ფესტივალები სხვადასხვა ქვეყნებში. „ბონ ვოიაჟის” ფარგლებში გაგაცნობთ ფერად და ხალხმრავალ ფესტივალებს, რომლებიც ევროპის ქალაქებში სწორედ ამ ლამაზ სეზონზე იგეგმება და დაუვიწყარ დღეებს გთავაზობთ.

განათების ფესტივალი, ზაგრები, ხორვატია (2025 წლის 19-23 მარტი)

ხორვატიის დედაქალაქი მასპინძლობს ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ სინათლის ყოველწლიურ ფესტივალს ქალაქის 20-ზე მეტ ლოკაციაზე, სადაც წარმოდგენილია ზაგრების ულამაზესი ქუჩები, შენობები, პარკები და მოედნები. წლევანდელ ფესტივალზე ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურისა და გართობის საოცარი ნაზავი გელოდებათ. წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მხატვრების ინსტალაციები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და იტალიიდან, რაც გპირდებათ დაუვიწყარ სანახაობას მათი უნიკალური ნამუშევრების ფონზე ზაგრების კაშკაშა ღამეების თანხლებით. ფესტივალი მოიცავს პროექციულ რუკებსა და ანიმაციებს, რაც ზაგრებს ცოცხალ ტილოდ გადააქცევს. ასე რომ ეს დანიშნულება მარტის ბოლო კვირას ნამდვილად კარგი არჩევანია.

მადეირას ყვავილების ფესტივალი, პორტუგალია (2025 წლის 1-25 მაისი)

მადეირას ყვავილების ფესტივალი, კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღონისძიებაა, რომელიც ყოველ გაზაფხულზე დედაქალაქის ქუჩებს ყვავილების საოცრებათა ქვეყნად აქცევს. ცოცხალი ფერებით, სურნელოვანი ყვავილობითა და მხატვრული ჩვენებებით სავსე ქალაქი მრავალფეროვან სანახაობასა და ფოტოგადაღებისთვის საუკეთესო ფონებს გპირდებათ. ეს ფესტივალი მოიცავს კულტურულ ტრადიციებსაც. ამ დღის ,მნიშვნელოვანი ნაწილია “იმედის კედელი”,რომელიც მშვიდობის სიმბოლოა და და ადამიანები აქ ყვავილებს ტოვებენ ამ მნიშვნელოვანი მცნების მხარდასაჭერად. ამ ყველაფერს ამშვენებს განსაცვიფრებელ ყვავილოვან კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეების პარადი, ცოცხალი მუსიკა,ცეკვა და რა თქმა უნდა ადგილობრივი გემრიელობები.

ფერია დე აბრილი, სევილია (2025 წლის 5-10 მაისი)

 Feria de Abril ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და გამორჩეული ფესტივალია სევილიაში, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს აქაური კულტურის მნიშვნელოვან დეტალებს. მთელი ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი საკონცერტო დარბაზს ემსგავსება და სავსეა ფლამენკოს მუსიკის ჰანგებით,სევილიანის ტრადიციული ცეკვით,ცხენშებმული ურმებისა და სხვადასხვა კულტურული სანახაობებით. ადგილობრივები გამოწყობილნი არიან ფლამენკოს ენერგიულ სამოსში და ტრადიციული სპეციალური კარვებიდან გემრიელ ტრადიციულ საჭმელსა და სასმელს სთავაზობენ დამსწრე საზოგადოებას. შოუებსა და წარმოდგენებში სტუმრებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, მათ შორის სევილიანას ტრადიციული ანდალუსიური ცეკვის სწავლაში. მოკლედ მაისში სევილიაში ჩასვლა ნამდვილად ღირებულია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, შვეიცარია (13-17 მაისი 2025 წ.)

ვისაც კონკურსები, მუსიკა და პარალელურად საინტერესო ქალაქის დათვალიერება მოსწონს მაშინ შვეიცარია, კერძოდ კი ქალაქი ბაზელი მაისში ევროვიზიის კონკურსის ფარგლებში ხმაურიან დღეებს გპირდებათ. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კონკურსი – ეს არის გლობალური დღესასწაული, რომელიც აერთიანებს მილიონობით გულშემატკივარს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა.

ივრეას ფორთოხლის ბრძოლა, იტალია (2-4 მარტი 2025 წ.)

 ქალაქი ივრეა იტალიის ჩრდილო-დასავლეთით ტურინთან ახლოს მდებარეობს. თუ მის სიახლოვეს მარტის დასაწყისში მოგზაურობას აპირებთ, ეს საინტერესო ფესტივალი არ უნდა გამოტოვოთ. ქალაქში გუნდები იკრიბებიან ტრადიციული ფორთოხლის ბრძოლაზე. ივრეას თვალწარმტაცი ქუჩები ამ პერიოდში გარდაიქმნება ტრადიციების, კულტურისა და ციტრუსების აქტიურ და ცოცხალ ბრძოლის ველად. საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა და უსამართლობასთან ბრძოლასა და სამართლიანობასთან ასოცირდება. ეს ღონისძიება სათავეს შუა საუკუნეებიდან ირებს როდესაც ამ ქალაქში რევოლუცია მოხდა. მონაწილე გუნდები ფორთოხლების სროლით ეჯიბრებიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა ამ პერიოდში პარალელურად საინტერესო კულტურული გამოფენა გაყიდვა და წარმოდგენები იმართება.

სანტა კრუზის კარნავალი, ტენერიფე, კანარის კუნძულები (2025 წლის 9 მარტამდე)

 სანტა კრუზ დე ტენერიფე მასპინძლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სანახაობრივ კარნავალს. ცნობილი თავისი კაშკაშა კოსტიუმებით, ცოცხალი აღლუმებითა და საცეკვაო რითმებით.კარნავალი არის შემოქმედების, კულტურისა და გართობის დღესასწაული. ღონისძიებების სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელიც დღეების განმავლობაში გრძელდება აუცილებლად დატოვებს საუკეთესო მოგზაურების გამოცდილებას. ფესტივალი იწყება კარნავალის დედოფლის არჩევით, იმართება საინტერესო სპექტაკლები ექსტრავაგანტული კოსტიუმებით, რომლებიც დაახლოებით 100 კილოგრამამდე იწონის.

ტიტების ფესტივალი,სტამბული (1-30 აპრილი)

 ერთი თვის განმავლობაში სტამბოლი ყვავილების დედაქალაქადაც იქცევა. 2025 წელს სტამბოლში ცნობილი ტიტების ფესტივალი ტრადიციულად 1-დან 30 აპრილამდე გაიმართება . ფერადი ფესტივალი იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან და იძლევა შესაძლებლობას ეზიაროთ სტამბულის სილამაზეს, კულტურასა და ისტორიას. ქალაქი ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია, რადგან სკვერებში, მეჩეთებთან თუ სანაპიროებთან სხვადასხვა ფერის ტიტა ირგვება.თუ ჰოლანდიაში ამ ფერად ფესტივალზე ჩასვლას ვერ ახერხებთ, ახლოს მდებარე სტამბული სილამაზით არ ჩამორჩება და სწორედ რომ მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

ტიტების ფესტივალი, ჰოლანდია (1-30 აპრილი)

რა თქმა უნდა ჰოლანდია ის მთავარი ქვეყანაა,რომელიც ფერად ტიტების ფესტივალთან ასოცირდება. ის მსოფლიოში ცნობილია ტიტების მრავალფეროვნებითა და ყვავილების მინდვრებით. ასობით ათასი ტურისტი აქ ყოველწლიურად ჩამოდის მინდვრებში გასასეირნებლად და FloraHolland-ის აუქციონებზე დასასწრებად, რომელიც ალსმერის (Aalsmeer), რეინსბურგის (Rijnsburg) და ნაალდვაიკის (Naaldwijk) ქალაქებში ტარდება. აღსანიშნავია, რომ ყვავილების მინდვრები არ არის ქაოსურად მიმოფანტული მთელს ქვეყანაში, არამედ უმეტესწილად ორიენტირებულია ყვავილების აუქციონების და კოიკენჰოფის პარკის (Keukonhof) გარშემო. ბაღი, სადაც ერთდროულად მილიონობით ყვავილი ყვავის, წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვე, აპრილსა და მაისშია ღია დამთვალიერებლებისთვის. ტურისტებს შორის ყველაზე მონახულებადი ტიტების, ნარცისების და გიაცინტების მინდვრები მდებარეობს კეიკენჰოფში, კონკრეტულად კი,ლისეში. რა თქმა უნდა ეს პერიოდი სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებითა და წარმოდგენებითაც დატვირთულია, რათა უფრო მოხიბლოს ვიზიტორები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g