„ეს არის თუკი რამე შეიძლება ევროპულ შიდა წესებთან მიმართებით, უფრო რბილი ვარიანტი. გაცილებით, იმიტომ, რომ ევროპის წამყვან ქვეყანაში, თუ არ შეუთანხმებ ინტერვიუს რესპონდენტს, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო, არათუ სდიო და მიკროფონი ურტყა თავში, თქვენ რომ იცით ხოლმე, არამედ შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო. ასეთი წესია ბევრგან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც მან მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები განმარტა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა „თუ ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნების უფლება აღარ ექნებათ,“ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს:
„ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ამბავს – ადევნებას. ეს დაწესებულების გარეთ სისხლის სამართლის დანაშაულია. ადევნება – საქართველოს კანონმდებლობით, ასევე ევროპაში და აშშ-ში არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება თურმე ყოფილა ისეთი საქციელი (რა თქმა უნდა, დანაშაულზე არაა საუბარი, სხვა ინტერესი არ ამოძრავებს ჟურნალისტს, მას უნდა, რომ ინტერვიუ მიიღოს…), რაც არ შეიძლება ითვლებოდეს რაღაც გადაცდომადაც კი – ამ წესის დამკვიდრება გინდათ…
როდესაც რესპონდენტთან მიბრძანდებით, კითხვას უსვამთ და რესპონდენტი გეუბნებათ, რომ არაა თანახმა მასთან ინტერვიუ ჩაწეროთ და თქვენ მაინც დასდევთ და სამუშაო პროცესში უშლით ხელს, ამის გამორიცხვა რატომ არის ცუდი ამბავი, მე მაინც ვერ ვხვდები…
მისდევთ რესპონდენტს და 10, 20 და 30 წუთის განმავლობაში აიძულებთ, რომ წინ და უკან იაროს და თუ არ უნდა ინტერვიუს მოცემა, მაინც რაღაც გითხრათ და ცდილობთ მერე ეს გამოიყენოთ მისი დისკრედიტირებისთვის. ამის საშუალება თუ გერთმევათ, ეს არის ძალიან კარგი.“ – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის შესახებ, აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ჩაწერა უნდა შეწყვიტოს.