LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია… იქ, ჩვენგან განსხვავებით რეცესიაა – ირაკლი ღარიბაშვილი

34
ირაკლი ღარიბაშვილი4-4

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ინფლაციის საკითხზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკითხი მთელ მსოფლიოში გამოწვევაა.

„ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ეს, პირველ რიგში, პანდემიამ გამოიწვია. მკაცრი „ლოქდაუნი“ იყო. ამას დაემატა ეს უბედურება, ომი, რაც უკრაინაშია. გამოქვეყნდა ევროზონის ინფლაცია – საშუალო მაჩვენებელი არის ორნიშნა, თუ არ ვცდები 11%-ია ინფლაცია ევროკავშირში, რომელიც მთავარი ეკონომიკური ბაზარია მსოფლიოში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთშიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს ასცდა ინფლაცია, ზოგან 25%-ია. ამას ემატება მთავარი განსხვავება, რაც გვაქვს – იქ, ჩვენგან განსხვავებით ეკონომიკის შემცირება – რეცესიაა. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აბალანსებს გამოწვევებს, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არაა ეკონომიკური ზრდა დროებითი, პრემიერი ამბობს, რომ ეს უკვე მეორე წელია გრძელდება.

„დროებითი შეიძლება იყოს რამდენიმე თვე. უკვე მეორე წელია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შეიძლება ეს „დროებითი“ ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.