საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის შეხვდა.
ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება – ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც მხარეებმა განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს ჩართულობას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და დევიდ სასოლიმ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს:
“მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროკავშირს იმ ძალისხმევისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისა და დეესკალაციისკენ არის მიმართული. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეფასებულია როგორც კონკურენტული და ნათქვამია, რომ ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც გაამახვილეს ყურადღება:
“პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნებაა და 2024 წელს იგეგმება ოფიციალური განაცხადის გაკეთება ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.
ყურადღება დაეთმო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტს. განიხილეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები და პერსპექტივები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე.” – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობაა, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი ენიჭება.
დევიდ სასოლიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.
შეგახსნებთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სხდომის, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მეორე დღეა ევროპარლამენტსა და ნატო-ში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს:
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა