LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული ქვეყნის ლიდერები დღეს კიევში ვართ, ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისგან საფრთხე ემუქრება“ – პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ზელენსკის შეხვდნენ

88
ლიდერები კიევში

დღეს, კიევში, უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერმა მედიასთან განცხადება გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა მეგობარ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ევროპის უსაფრთხოება დღეს უკრაინაში წყდება.

„პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტების ვიზიტი უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ჩვენი მკაფიო მხარდაჭერაა. პოლონეთი და ლიეტუვა, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში გვეხმარებიან. მადლობელი ვართ, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა, პუტინის გადაწყვეტილება დაგმეს და შესაბამისი ზომებიც მიიღეს.

მივესალმებით დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ველოდებით, რომ აკრძალვების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, მივესალმებით ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაზსადენის შეჩერების პროცესს, ეს მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ვისაუბრეთ და ერთხმად შევთანხმდით რომ ევროპის უსაფრთხოება დღეს, აქ, უკრაინაში წყდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თქმით კი, საერთაშორისო არენაზე უკრაინის საკითხი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის ქმედებები საფრთხის შემცველია, არა მხოლოდ რეგიონისა და ევროპისთვის, არამედ NATO-სთვისაც.

„დღეს უკრაინა რუსული აგრესიისა და ღრმა კრიზისის წინაშე დგას, საერთაშორისო არენაზე უკრაინის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ევროპული ქვეყნის ლიდერები დღეს კიევში ვართ, იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთის მეზობელია და რომლისგანაც სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ. დღეს რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ. რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები საფრთხეა, არა მხოლოდ უკრაინისთვის მთელი რეგიონისა და ევროპისთვის, არამედ ნატოს ტერიტორიისთვისაც. ამ დაძაბულ ვითარებაში გვინდა ჩვენი ერთიანობა დავანახოთ. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეაჩეროს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტი“, – განაცხადა ანჟეი დუდამ.

გიტანას ნაუსედას განცხადებით კი, რუსული აგრესია უკრაინაში 8 წლის წინ დაიწყო, ახლა კი კრემლმა წითელი ხაზები გადაკვეთა. მისი თქმით, ამ აგრესიის შეჩერება მხოლოდ სერიოზულ ნაბიჯებსა და სანქციებს შეუძლია.

„რუსული აგრესია დონბასში ზუსტად 8 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, ახლა კი რუსეთმა წითელი ხაზები გადაკვეთა. მინდა, რომ კრემლში კარგად მოისმინონ, ლუგანსკი და დონეცკი უკრაინის ტერიტორიები იყო, არის და იქნება.

ლიეტუვა არ აღიარებს ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და გმობს ყირიმის ანექსიას. უკრაინას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერისა და დახმარების იმედი ჰქონდეს, დავაწესეთ მკაცრი სანქციები და ამას მხარს მთელი დასავლეთი უჭერს. რუსეთის აგრესიის შეჩერება, მხოლოდ სერიოზულ შემხვედრ ნაბიჯებს და სანქციებს შეუძლია“, – თქვა გიტანას ნაუსედამ.