ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.
“ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის მიერ უკრაინის, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ მოსაზრებების მომზადებას და საკითხს ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროპული საბჭო მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთს მოქალაქეებზე თავდასხმის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის ომის ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია, სრულად იქნება დაცული. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.