„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს თერჯოლაში წინასაარჩევნო ზეწოლისა და დევნის ფაქტში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, პოლიტიკური დევნა თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.
„მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ე.წ. მრჩეველები მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. მისი შვებულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიძემ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა. სწორედ ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს“, – განაცხადა წერეთელმა.
როგორც მან განმარტა, ეს არის პოლიტიკური ჯარიმა და “ქართულმა ოცნებამ” იმერეთშიც მთელი ქვეყნის მსგავსად წინასაარჩევნო დევნა დაიწყო.