რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში ევროსაბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება უნდა უზრუნველყოს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. დანიის სამეფოს ქალაქ ელსინორში, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ ევროპელ კოლეგებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის შედეგები შეახსენა და ყურადღება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების ფაქტებზე გაამახვილა.
„ვისაუბრე იმ მძიმე ფაქტზე, რომელიც ორი თვის წინ მოხდა – ჩვენი მოქალაქის, იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით და რომ ამ მძიმე დანაშაულზე რუსეთის ფედერაციამ, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა, უნდა აგოს პასუხი,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ოკუპირებულ რეგიონებში.
„ჩვენ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა გვაქვს ევროპის საბჭოსთან, კონტროლირებად ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით. ეს სამოქმედო გეგმა არის მხარდაჭერილი წევრი ქვეყნების მხრიდან ფინანსურად და ჩვენ ამ გეგმის შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.