ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად წეროვანში ჩავიდა და დევნილთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ლილიან მორი პასკიემ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება და სკოლაც დაათვალიერა. როგორც მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, ასამბლეის პრეზიდენტი დაინტერესდა, რას აკეთებს სახელწმიფო დევნილებისთვის, ვიდრე ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან.
“დაინტერესდა, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობით, როგორია განსახლების, ასევე დასაქმების პროგრამები. ჩვენ გავაცანით პრობლემები, რაც სახელმწიფოს აქვს, რომ დევნილები ღირსეულად ცხოვრობდნენ, სანამ თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს მუშაობა დევნილთა მიმართულებით“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა ახალგორის გამგებელიც. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ყურადღება იძულებით გადაადგილებულთა სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა .
„ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფებოდა ევროპის საბჭოს საპარამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომელიც დაინტერესდა დევნილთა სოციალური მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო პირობებით, ინტეგრაციის საკითხით“, – აღნიშნა თინიკაშვილმა. მისი თქმით, ლილიან მორი პასკიე ასევე დაინტერესდა, როგორია ხელმისაწვდომობა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. ის დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ხვალ კი პრემიერთან და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაა დაგეგმილი.